მობილური ტელეფონი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელმაც ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა. თანამედროვე სმარტფონებმა, გარკვეულწილად, კამერები, კალკულატორები, სათამაშო კონსოლები და პერსონალური კომპიუტერებიც კი ჩაანაცვლეს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ყოველწლიურად ახალ სმარტფონებს უშვებენ, მათი განვითარების დონე წლიდან წლამდე ეტაპობრივად იკლებს. უკვე დიდი ხანია, რაც ბაზარზე ჭეშმარიტად რევოლუციური სმარტფონი არ გამოჩენილა.
როგორც წესი, Apple-ისა და Samsung-ის ფლაგმანებს ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით უფრო მძლავრი პროცესორები, მცირედით უფრო კაშკაშა ეკრანი და შედარებით მაღალი რეზოლუციის კამერები აქვთ. სხვა მიმართულებით პროგრესს ფაქტობრივად ვერ ვხედავთ, რადგან ტექნოლოგიამ უკვე მიაღწია თავისი განვითარების მაქსიმუმს.
iPhone 14 Pro-სა და 15 Pro-ს შორის, ფუნქციონალურ დონეზე, არსებითი განსხვავება უკვე აღარ არსებობს, არადა 2010-იან წლებში ბაზარზე ყოველი ახალი სმარტფონის გამოჩენა ახალ ინოვაციასთან და ფუნქციონალთან იყო დაკავშირებული.
სმარტფონების ბაზარზე ამჟამად არსებულ ვითარებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სტაგნაცია, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.
თავად ამ სტაგნაციას ერთი მარტივი მიზეზი განაპირობებს - სმარტფონმა უკვე მიაღწია მომწიფების ასაკს, ანუ ეს ტექნოლოგია ნელ-ნელა ერთგვარი სრულყოფილების წერტილს უახლოვდება, რომლის იქითაც წასვლა ზედმეტად ძვირი და უბრალოდ აზრს მოკლებული იქნება.
ეს ფაქტობრივად ნებისმიერი ტექნოლოგიის განვითარების ბუნებრივი ციკლია. საწყის ეტაპზე, ტექნოლოგია სწრაფი ტემპით იზრდება, შემდეგ ის დახვეწის ფაზაში გადადის, რომლის შემდეგაც ის ნელი განვითარების ფაზაში რჩება მანამ, სანამ ბაზარზე სხვა, უფრო ინოვაციური და უპირატესი ტექნოლოგია არ გამოჩნდება, რომელიც მას არარელევანტურად არ აქცევს. რომელი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს სმარტფონს, ამის თქმა ჯერ ნაადრევია, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი საყვარელი მოწყობილობა უკვე გადავიდა თავისი განვითარების ფინალურ სტადიაში.