მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეწინააღმდეგებიან საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას?

6487301080f48
მარიამ ვარადაშვილი
12.06.23 20:59
609
საავტორო უფლებათა ასოციაცია ითხოვს პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობა შეაჩეროს და ცვლილებებზე მუშაობა თავიდან დაიწყოს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცვლილებების შემდეგ საქართველოს, საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის [GERA] მეშვეობით, რუსეთი ამ სფეროს გააკონტროლებს. თავად ამ ორგანიზაციას კობალაძე რუსულს უწოდებს.

“ევროპაში ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც აგროვებენ ჰონორარს, წარმომადგენლობითი უნდა იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ქართული რეპერტუარის გარდა, უნდა ჰქონდეთ უფლება მოსარგებლეებს ესაუბრონ დანარჩენი მსოფლიოს სახელითაც. დღევანდელ კანონში ეს კრიტერიუმი დევს და წერია, რომ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციას აქვს უფლება შეასრულოს ეს ფუნქცია, ვისაც აქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებული მსგავსი ორგანიზაციების უმრავლესობასთან. ჩვენი თხოვნით საერთაშორისო ექსპერტებმა იმუშავეს ამ კანონპროექტზე, ჯერ პრინციპების დონეზე გამოაგზავნეს, რა უნდა ყოფილიყო და არა ამ ახალ კანონში. მათი დაჟინებული მოთხოვნა თავიდანვე იყო ის, რომ შენარჩუნებულიყო ე.წ ერთი ფანჯრის პრინციპი და პარალელური ადმინისტრირების დაშვება არ მომხდარიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე უფლებაში არ შეიძლება იყოს ორი ერთნაირი ორგანიზაცია, რადგან ეს პირველ რიგში თავად ავტორებს აზიანებთ.

იმას მივაღწიეთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპი კანონში შენარჩუნებულია, თუმცა წარმომადგენლობით კრიტერიუმს რაც შეეხება, აქ უკვე მუხანათური მუხლი შემოიტანეს. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება გვაქვს თითქმის მთელ მსოფლიოსთან. GERA-ს აქვს მხოლოდ მცირე ქართული რეპერტუარი და ასევე რუსული რეპერტუარი. ამიტომ, შემოიტანეს ასეთი მუხლი, რომელიც ძალიან სასაცილოა, რადგან როგორც ვთქვი, უცხოეთის წარმომადგენლობის გარდა, იგივე მუხლში მეორე კრიტერიუმია, სადაც წერენ, რომ უნდა გქონდეს ხელშეკრულება ისეთ ქვეყნებთან, სადაც ქართული რეპერტუარი ხშირად სრულდება. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ რეპერტუარს რომ წარმოადგენდეს შენს ქვეყანაში, ესეც საჭიროა, მაგრამ ასევე საჭიროა გქონდეს ხელშეკრულება რომელიმე ქვეყანასთან, სადაც ქართული რეპერტუარი სრულდება. ეს ყველაფერი აკრედიტაციის მისაღებად არის საჭირო. ეს ჩანაწერი პირდაპირ მორგებულია ამ “რუსულ” ორგანიზაციას იმისთვის, რომ აკრედიტაციაზე უარი გვითხრან”,-ამბობს კობალაძე.

მისივე მტკიცებით, ორგანიზაციის რუსეთთან კავშირებზე სხვადასხვა მტკიცებულება მიუთითებს. ამას გარდა, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, GERA-მ საავტორო უფლებების ასოციაციიდან 150 წევრი გადაიბირა.

“მინდა დიპლომატიურ ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს მივმართო, რომ შეისწავლონ ეს საკითხი. განსაკუთრებით იმ საელჩოებს, რომლებიც სანქციების საკითხს აკვირდებიან. მივმართავ პარლამენტს შეაჩერონ კანონპროექტის განხილვა და დავიწყოთ ახალ კანონპროექტზე მუშაობა”,-აცხადებს კობალაძე.

GERA-ს გენერალური დირექტორი თამარ გვარიშვილი კი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ რუსულ ორგანიზაცია RAO-სთან ოთხი წელია ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. გვარიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმაზე, რომ მათი მეშვეობით რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის.

“ამის უარყოფა არცერთ ეტაპზე არ მომხდარა და რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა მოგვაქვს. ვთხოვეთ პარლამენტს, რომ ყოფილიყო ორი ასოციაციის შესაძლებლობა, რადგან ვფიქრობ კონკურენცია აჯანსაღებს ნებისმიერ სფეროს. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რაც მოდის საავტორო უფლებათა ასოციაციისგან, უამრავი ქართველი ავტორ-შემსრულებელი თავის კუთვნილ ჰონორარს ითხოვს, ასევე ითხოვს გაირკვეს გამქრალი საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა, სად წავიდა. ამასობაში მეორე მხრიდან ბრალდება, რომ ისინი რუსები არიან, არ ვიცი, რამდენად სწორია თქვენ თვითონ განსაჯეთ”, - აცხადებს GERA-ს დირექტორი.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ბაია კვიციანი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტიან განხორციელებას.

“ჩვენი საფიქრალი ავტორების მდგომარეობაა და ისინი ნამდვილად უსამართლო პოზიციაში იმყოფებიან, ბევრი კითხვა აქვთ და სწორედ ამიტომ დაიწყო ამ კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ავტორები საზღვარგარეთაც სათანადოდ დაფასებულები იყვნენ. ანუ იქ, სადაც ჟღერდებიან ჩვენი ავტორები და მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვეყანა გვიყვარს თუ არა, მტერია თუ მეგობარი. ჩვენი ქვეყნის ავტორი თუ იკვრება, მათი უფლებები უნდა დავიცვათ. ამიტომ, უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციას, რომელსაც უმრავლეს ქვეყანასთან ექნება ხელშეკრულება, სადაც ჩვენი ავტორები ჟღერდებიან”,-ამბობს კვიციანი.