მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა კობალაძე საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე შესაძლოა აღარ იყოს

647cd68a08158
BM.GE
04.06.23 20:54
1483
გიგა კობალაძე შესაძლოა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე აღარ იყოს - შესაბამისი შინაარსის შემცველი დოკუმენტი სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2023 წლის 23 აპრილს ასოციაციამ ჩაატარა კრება, რომელზეც ასოციაციის თავმჯდომარედ გიგა კობალაძე იქნა არჩეული. თუმცა, საჯარო რეესტრმა ასოციაციის მიერ წარდენილი დოკუმენტაციის შესწავლის დროს იურიდიული ხარვეზები იპოვა და ასოციაციას მიუთითა, რომ ერთი თვის ვადაში შეეტანა შესწორებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სარეგისტრაციო ვადის დინება შეწყდებოდა და განაცხადი გიგა კობალაძის ასოციაციის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევის შესახებ ოფიციალურ ამონაწერში არ აისახებოდა. 2 ივნისს საჯარო რეესტრმა ხელახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც მიუთითა, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ მათ მიერ მითითებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ შეძლო, ამიტომაც მათი განაცხადი იმასთან დაკავშირებით რომ გიგა კობალაძე ასოციაციის თავმჯდომარედ იყოს არჩეული არ დაკმაყოფილდა და შესაბამისი განაცხადის სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

იუსტიციის სამინისტრო წერს:

არ აღმოიფხვრა შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ 2023 წლის 31 მაისს და 2023 წლის 1 მაისს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია სხვადასხვა შინაარსის კრების ოქმი, კერძოდ 2023 წლის 31 მაისს წარმოდგენილ იქნა წევრთა საერთო კრების ოქმი, ხელმოწერილია კრების თავმჯდომარის გიგა კობალაძის სახელით მინდობილი პირის მიერ ანდრია ჩიტაშვილის მიერ, თუმცა ანდრია ჩიტაშვილი არ ესწრებოდა აღნიშნულ კრებას, ხოლო 2023 წლის 1 მაისს წარმოდგენილი ოქმი ხელმოწერილი იყო კრების თავმჯდომარის გიგა კობალაძის მიერ. ამასთან, აღნიშნულ ოქმში კრების ჩატარების თარიღად 23 აპრილი, თუმცა კრების ოქმი დათარიღებულია 05.05.2023წ. გარდა ამისა, 2023 წლის 31 მაისს წარმოდგენილ წევრთა საერთო კრების ოქმში აღნიშნულია, რომ კრების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება წესდების ცვლილების შესახებ , თუმცა 2023 წლის 1 მაისს წარმოდგენილი კრების ოქმის მიხედვით წესდების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. 2023 წლის 31 მაისს წარმოდგენილი ოქმის მიხედვით წევრთა კრებას ესწრებოდა 536 წევრი. 2023 წლის 1 მაისს წარმოდგენილ წევრთა კრების ოქმში (23.04.2023) მითითებულია რომ წევრთა კრებაში მონაწილეობა მიიღო 558 წევრმა.

2. 2023 წლის 31 მაისს წარმოდგენილ წესდებაში შეტანილია დამატება გამგეობის სხდომის მოწვევის პროცედურასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის წარმოდგენილი წევრთა ახალი კრების ოქმი ვერ დგინდება წევრთა კრების მიერ დამტკიცდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდების რედაქცია.

3. სარეგისტრაციოდ არ არის წარმოდგენილი სადამფუძნებლო შეთანხმება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,”- ნათქვამია სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საავტორო უფლებების ასოციაციასთან შენიშვნები აქვს საქპატენტს, რომელიც აუდიტის შედეგებზე მიუთითებს. საქპატენტის თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე რუსთავი 2-ის ეთერში აცხადებს, რომ მიღებული შემოსავლების მიუხედავად ასოციაცას ავტორების წინაშე მრავალმილიონიანი ვალდებულებები აქვს დაგროვილი, ხოლო თავად გიგა კობალაძე კი შეუსაბამოდ მაღალ თანამდებობრივ გასამრჯელოს იღებდა.

“საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები იქნა გახარჯული პრემიებზე, ბონუსებზე, მანქანის შეძენა იქნებოდა ეს თუ ბინის, როგორც თავად განმარტავენ საოფისე ფართის შეძენა ქალაქ ბათუმში, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ერთ-ერთი ადამიანის. მათი პოზიციაა, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს ოფიციალურად, ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ამიტომ არ არის დარღვევა. თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ავტორებს არ აძლევდნენ ჰონორარს. შინაარს რომ შევხედოთ აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მილიონობით ვალი არის ავტორების მიმართ და ეს ვალი არის დეკლარირებული. მაგრამ უნდა შევხედოთ შინაარსს თუ რატომ აქვს მას ეს ვალი. რატომ არ გადაუხადა ავტორებს ეს ფული, მაშინ როდესაც პრემიებს იღებდა და საზღვარგარეთ მიდიოდა,”- რუსთავი 2-თან განაცხადა საქპანეტნტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

გიგა კობალაძე საავტორო უფლებების ასოციაციას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები