მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გააიაფა ოთხმა მწარმოებელმა კვერცხი? - "კუმისის" დირექტორის განმარტება

გოგიტა მაისურაძე

"კუმისის" მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი გოგიტა მაისურაძე ოთხი მწარმოებლის მიერ კვერცხის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. როგორც მან გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას განაცხადა, სამთავრობო უწყებებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ, რაზეც გამოიკვეთა "კეთილსაიმედო მოლოდინები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ დარგს აწუხებს".

კერძოდ, მისივე თქმით, მთავრობასთან კვერცხის მწარმოებლებმა გააჟღერეს მათი დარგისთვის მტკივნეული ორი საკითხი: იმპორტირებული კვერცხის დაბალი ფასი და დღგ.

"პირველი საკითხი არის იმპორტირებული პროდუქციის დაბალი ფასი, რაც მტკივნეულად აისახება ადგილობრივ მწარმოებლებზე. ჩვენ ბიოლოგიური აქტივი გვაქვს, ეს არის ფრინველი და რთულია წლის განმავლობაში დავგეგმოთ რაღაც რაოდენობა ფრინველი გვყავდეს და ერთ დღესაც ვუთხრათ მაგალითად, რომ კვერცხი არ დადოს. ასეთ დროს, როდესაც იმპორტირებული კვერცხი კრიტიკულად დაბალი ფასი ღირს, ჩვენ გვიწევს, უკუსვლით რაღაც ღონისძიებების გატარება. ამ მიმართულებით დაიგეგმა მთელი რიგი მომენტები, სადაც ვფიქრობთ, რომ გადაკვეთის წერტილებს [მთავრობასთან] ნამდვილად ვიპოვით.

კიდევ ერთი საკითხი გვაქვს. ესაა დღგ-ს საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში რჩება ჩვენს მტკივნეულ ნაწილად, აქილევსის ქუსლად, რადგანაც ფრინველის ხორცი და ფრინველის კვერცხი 18%-იანი დღგ-თი იბეგრება, სხვა დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.

ეს ორი მტკივნეული საკითხი ჩვენ გავაჟღერეთ მთავრობის სხდომაზე და პრემიერთან ამ საკითხზე ვისაუბრეთ. საერთო გადაკვეთის ბევრი ისეთი წერტილები და ამაზე ისეთი მოლოდინები გაგვიჩნდა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხებზე ჩვენ უახლოეს პერიოდში ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ეს საკითხები მოგვარებადია", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მთავრობისგან დღგ-ს ნაწილში არის მზაობა, თუმცა კონკრეტულად, რა რიცხვი ან მოდელი გადაწყდება, ჯერ უცნობია.

"არის მზაობა, თუმცაღა იმის თქმა რთულია - ერთი ან ორი თვის შემდეგ ზუსტად რა ციფრზე, რა მოდელზე შევთანხმდებით, მაგრამ ძალიან აქტიური მუშაობა მიდის ამ კუთხით და ამას მივესალმებით. ამგვარად, ამ მოლოდინებმა, სოციალურმა მდგომარეობამ, პრემიერის ინიციატივამ, მოგვცა მოტივი, რომ ეს ნაბიჯი [კვერცხის გაიაფების] გადაგვედგა", - დასძინა მან.

ცნობისთვის, დღეს კვერცხის ოთხმა მწარმოებელმა კომპანიამ - "კოდამ", "კუმისმა", "სავანეთმა" და "დილამ" კვერცხის 5%-იანი გაიაფების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს. მათი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კვერცხი დაახლოებით 5%-ით გაძვირდა იანვრიდან. ამის შესახებ bm.ge-სთან თავად მწარმოებლებიც აცხადებდნენ. როგორც ჩანს, თებერვალში კვერცხის ფასი დეკემბრის ნიშნულს დაუბრუნდება. "საქმის კურსის" წამყვანის კითხვაზე - გამოდის თუ არა რომ წლის დასაწყისში გაზრდილი ფასი ახლანდელი შემცირებით გარკვეულწილად ერთი თვის წინანდელ ნიშნულს უბრუნდება - გოგიტა მაისურაძემ აღნიშნა:

"დაახლოებით 5%-ის ფარგლებში მერყეობს გაძვირება-გაიაფება და მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ციფრებთან მივალთ, ამაზე არ გვეყოფა ალბათ ერთი საათი... ეს ისეთი სქემაა, რაზეც შეგვიძლია ჩვენი ხედვები წარმოგიდგინოთ და იქ დავინახოთ, თუ რატომ და რისთვის... ანუ გვაქვს ჩვენ ამის არგუმენტები. ამავდროულად, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია თუნდაც, რომ ხორბალი და სიმინდი ჩვენს საკვებ კომპონენტში და თვითღირებულებაში ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ხშირად გვაქვს პრობლემები საზღვარზე მოწოდებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ რიგებია და ასე შემდეგ, რის გამოც ფასი იზრდება, თვითღირებულებას ეს ზედნადები ხარჯებიც ემატება ტრეიდერების მხრიდან, რომლებიც მერე ჩვენ გვაწვდიან პროდუქტს, ამ შემთხვევაში, მოდი რუსულ სიმინდზე და ხორბალზე ვისაუბროთ, აქაც შეიძლება რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რომ ამ შემთხვევაში დალაგდეს".

ხოლო კითხვაზე - როდესაც 4 მწარმოებელი ერთდროულად იღებს ფასების შემცირების გადაწყვეტილებას, ამ მიმართულებით საზოგადოებაში ხომ არ გაჩნდება ფასის შეთანხმებულ მატებასთან დაკავშირებით კითხვები, მაისურაძე ამბობს, რომ "კითხვები ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს, თუმცაღა მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები არა მარტო ჩვენ ოთხნი ვართ, გვყავს ძალიან ბევრი".

მაისურაძის თქმითვე, არ არის გამორიცხული რომ კვერცხის გაიაფების გადაწყვეტილება ოთხი მწარმოებლის გარდა, სხვებმაც მიიღონ.

"სხვა დანარჩენი კომპანიებიც არიან წარმოდგენილები, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში. ჩვენ მივესალმებით იმას, თუ სხვა კომპანიებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ, უბრალოდ ცოტა გადახედონ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას და შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, კიდევ ვამბობ, კითხვები შეიძლება ბევრი გაჩნდეს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის საკითხი, რაც წეღან აღვნიშნე და ეს ნაბიჯი გადავდგით".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები