მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაასაჩივრა Google-მა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილება?

chrome
სტატიაში საუბარია:

კომპანია Google-მა ოფიციალურად გაასაჩივრა ისტორიული მნიშვნელობის ანტიმონოპოლიური სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია საძიებო სისტემების ბაზარზე მონოპოლისტად იქნა აღიარებული.

სააპელაციო სარჩელში კომპანია ამტკიცებს, რომ 2024 წლის სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზრის სპეციფიკას და იმ კონკურენციას, რომელსაც Google-ს სხვადასხვა პლატფორმები და AI-სტარტაპები უწევენ. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებლები მათ საძიებო სისტემას ირჩევენ არა იმიტომ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ის საუკეთესოა.

აპელაციის პარალელურად, Google-მა ამერიკულ სასამართლოს სთხოვა, დროებით შეაჩეროს დაკისრებული სანქციების აღსრულება, რაც კონკურენტებისთვის Google-ის საძიებო ინდექსსა და მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მიცემას გულისხმობს. ტექნოლოგიური გიგანტის მტკიცებით, ამგვარი მონაცემების გაზიარება საფრთხეს უქმნის ამერიკელი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს და კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას, რომლის აღდგენაც, აპელაციის მოგების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება.

სასამართლო დავა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უფრო მკაცრ ზომებს, მათ შორის ბრაუზერ Chrome-ის გაყიდვასაც მოითხოვდა, მოსამართლემ კომპანიას ამ ეტაპზე უფრო მსუბუქი შეზღუდვები დაუწესა. თუმცა, როგორც ჩანს, Google-ის ხელმძღვანელობა ამ სანქციებსაც არ ეთანხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები