ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსის წინასწარი შედეგები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვეს.
"ჩვენ არ გამოგვიცხადებია გამარჯვებული და ამას ვერც გავაკეთებდით. ჯერ გამარჯვებული არ გვყავს, გვყავს პრეტენდენტი. [წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა] 20 მაისი ყველასთვის იყო ცნობილი და ამ ინტერესის გათვალისწინებით საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია. ამ შერჩევის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ჩემი აზრით საზოგადოებისთვის იყო საინტერესო და რეგულარულად გავაგრძელებთ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეტაპები გასავლელი, ეს იქნება რამდენიმე თვიანი პროცედურები, როდესაც გვექნება დიალოგი პრეტენდენტთან, ვიდრე მოხდება პარტნიორული შეთანხმების გაფორმება. დაველოდოთ მოვლენებს, წინ ნუ გავუსწრებთ,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ 29 მაისს გაასაჯროვა ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსის წინასწარი შედეგები. კონკურსის ფინალური ეტაპი 2023 წლის სექტემბერში გამოცხადდა და მასში მონაწილეობას ორი პრეტენდენტი იღებდა, ესენი იყო China Communications Construction Company Limited-ის კონსორციუმი და შვეიცარიულ ლუქსემბურგული კომპანია Terminal Investment Limited Holding S.A, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადება აღარ წარუდგინა, შესაბამისად ერთადერთი ვინც სახელმწიფოს სრულად შევსებული საინვესტიციო განაცხადი გაუგზავნა ჩინური კორპორაცია იყო.
"პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა 29 მაისს.
პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის პირველი ფაზის მიხედვით უნდა აშენდეს პორტი რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთების და 600,000 კონტეინერის მომსახურება იქნება.
რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.