დონალდ ტრამპმა, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ მეზობელ სახელმწიფოებს და ჩინეთს ტარიფები დაუწესა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გამონაკლისი დაუშვა.
მექსიკისთვის და კანადისთვის დაწესებული ტარიფები ნაწილობრივ შემსუბუქდა, რადგან ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ეს საგადასახადო შეღავათი ერთი თვით გადაავადა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა საფონდო ბირჟა, ხოლო ტრადიციული საავტომობილო ბრენდების მფლობელი კომპანიების, Ford-ის, General Motors-ის და Stellantis-ის აქციები გაძვირდა. საბაზრო კაპიტალიზაცია ასევე გაეზარდათ ევროპულ საავტომობილო გიგანტებს.
“სამ დიდ ავტომწარმოებელ კომპანიას ველაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, ყველა ავტომობილს, რომელიც ქვეყანაში “ამერიკა-მექსიკა-კანადის საერთო შეთანხმების” ფარგლებში ხვდება, ერთთვიანი შეღავათი დავუწესოთ. პრეზიდენტმა კომპანიების წარმომადგენლებს უთხრა, დაიწყონ ინვესტირება და წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ტარიფის გადახდა არ მოუწევთ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი”, — განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა.
ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ძალაში შევიდა, როგორც 25%-იანი ტარიფი, რომელიც დონალდ ტრამპმა კანადას და მექსიკას დაუწესა, ასევე დამატებით 10%-იანი ტარიფი, რომელიც ჩინეთმა მიიღო. აღნიშნული ტარიფის გარდა, დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფის დაწესებას საავტომობილო, ფარმაკოლოგიურ და ნახევარგამტარების ინდუსტრიებსაც შეჰპირდა, მაგრამ, შესაძლოა, ამ მხრივაც დროებითი შეღავათი გამოჩნდეს.
საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აირჩია, ე.წ. “სავაჭრო ომის” სახელითაა ცნობილი, მაგრამ თუ ამ დრომდე, ტარიფები, უმეტესწილად, არამეგობრულ სახელმწიფოებს, მათ შორის ჩინეთს უწესდებოდა, ამ სიაში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის კანადის, მექსიკის და პოტენციურად ევროკავშირის გამოჩენა, ბევრ კითხვას აჩენს, როგორც ამ ქმედების პოლიტიკურ ვალიდურობასთან, ასევე მის გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებთან.
ტარიფი არის გადასახადი, რომელსაც იმპორტიორი ქვეყანაში კონკრეტული საქონლის შეტანისას იხდის, ანუ თუ საქონელზე 25%-იანი ტარიფი მოქმედებს, ესე იგი, იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში პროდუქტის ღირებულების 25%, ანუ მეოთხედი გადაიხადოს. ტარიფი იმპორტულ საქონელს აძვირებს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზარზე გარკვეულ დროებით შეღავათს სთავაზობს, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ ქვეყანაში, რომელიც ტარიფებს აწესებს, ხშირად, სამომხმარებლო კალათა ძვირდება, ანუ ინფლაცია იზრდება, ანუ მოქალაქეებს ხარჯები ეზრდებათ.
ტარიფების კუთხით გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტიპის საგადასახადო პოლიტიკა, როგორც წესი, არ წესდება ცალმხრივად და აშშ-ის მიერ საგადასახადო ბარიერების დაწესებას აუცილებლად ექნება პასუხი კანადის, მექსიკის და ჩინეთის მხრიდან. ეს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპსაც ესმის, რადგან პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ თუკი ქვეყნები, რომელთაც ამერიკამ ტარიფები დაუწესა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ ის ტარიფს დამატებით იმ მოცულობით გაზრდის, რა მოცულობის ტარიფს თავად ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს.