მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გადააყენა დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორი?

პემ ბონდი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი, დაკავებული პოსტიდან დაითხოვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ტოდ ბლანში შეასრულებს, რომელიც მანამდე გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ ბონდი კერძო სექტორში „მნიშვნელოვან ახალ სამუშაოზე“ გადადის, თუმცა მისი წასვლის კონკრეტული მიზეზი შტატების ლიდერს არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ პემ ბონდი ბოლო კვირების განმავლობაში უკვე მეორე მაღალჩინოსანია, რომელმაც კაბინეტი დატოვა; გასულ თვეში ტრამპმა თანამდებობიდან შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემიც გაათავისუფლა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის უკმაყოფილება რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის გარდაცვლილი სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების დამუშავებითა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არასაკმარისად აქტიური სამართლებრივი დევნით. ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის წინააღმდეგ ბრალდებები წამოაყენა, თუმცა ორივე მათგანი იმდენ პროცედურულ დარღვევას შეიცავდა, რომ სასამართლომ საქმეები განსახილველადაც კი არ მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ეპშტეინის ე.წ. „კლიენტების სიასთან“ დაკავშირებით ბონდის საჯარო განცხადებების გამო. სიცხადისთვის, მისმა კომენტარებმა საზოგადოებაში ინფორმაციის განზრახ დამალვის შთაბეჭდილება შექმნა და ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კითხვის ნიშნები გაზარდა. ცნობისთვის, პემ ბონდი უწყებას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გენერალური პროკურორის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი ტოდ ბლანში წარსულში დონალდ ტრამპის ადვოკატი იყო და მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში იცავდა. თუმცა, მაღალი ალბათობით, თავად ის გენპროკურორი არ გახდება.

არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლი ბონდის მუდმივ შემცვლელად გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის, ლი ზელდინის კანდიდატურას განიხილავს. ცნობისთვის, ახალი გენერალური პროკურორის დასამტკიცებლად სენატის მხარდაჭერაა საჭირო, სადაც რესპუბლიკელებს უბრალო უმრავლესობა აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები