მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაიფიქრა ლუქსემბურგულ-შვეიცარიულმა კომპანიამ ანაკლიის პორტში ინვესტირება? - მინისტრის პასუხი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა, რომელიც რამდენიმე დღეში გამოვლინდება ოფიციალურად გამარჯვებულად.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციზე ლევან დავითაშვილს ჰკითხეს, რა პირობები იყო მიუღებელი Terminal Investment Limited-ისთვის, რის გამოც პროექტით დაინტერესებულმა დასავლური კომპანიამ ინვესტირება გადაიფიქრა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანიას პროექტთან მიმართებით ჰქონდა კითხვები და უწყების შეფასებით, მათთვის სახელმწიფოს 51%-იანი ჩართულობა არასაკმარისი იყო. დავითაშვილი თვლის, რომ დასავლურ კომპანიას ინვესტირებულ თანხაზე მეტი ამონაგების მიღების მოლოდინი ჰქონდა.

„რაც შეეხება ლუქსემბურგული კომპანიის პირობებს, მათი მხრიდან რამდენიმე დაზუსტება და კითხვა იყო და როგორც ჩანს, მათთვის ფინანსური მოდელი დამაჯერებელი არ იყო, რადგან ეს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციებია და ჩვენ გვესმის, რომ იყო პირველი წარუმატებელი მცდელობა, როდესაც კერძო ინვესტორმა ვერ მოახერხა ინვესტიციების მობილიზება, იმისთვის რომ პორტი განვითარებულიყო. ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული, ინვესტიციატევადი პროექტია და საბოლოო მოტივაცია სავარაუდოდ ფინანსური მიზანშეწონილობა, შეიძლება უფრო მეტი სწრაფი უკუგება იყო კომპანიის ამოცანა და სავარაუდოდ, ეს გახდა მიზეზი. კითხვები, რომლებსაც ჩვენ სააგენტოში ვიღებდით სხვადასხვა ფინანსურ მოდელს შეეხებოდა, მაგალითად სახელმწიფოს განხორციელებული ინვესტიციები რომ კაპიტალში არ ჩათვლილიყო, წარმოიდგინეთ ჩვენ მიერ ჩადებული ინვესტიციები უნდა იყოს იმ 51%-ის გასამყარებლად, ეს არის ერთობლივი საწარმოს პრინციპი და ფული, რომელსაც ქვეყანა დახარჯავს, გათვლილია მიიღებს უკუგებასაც. აქედან გამომდინარე კომპანიის მოტივაციაზე ვერ გეტყვით. მათთვის სახელმწიფოს 51%-იანი ჩართულობა საკმარისი არ იყო, რადგან ის ინვესტიციები რომლებიც კომპანიას უნდა განეხორციელებინა, იყო მაღალი და ის სარგებელი, რომელიც მათ უკუგების სახით უნდა მიეღოთ დამაკმაყოფილებელი არ იყო. ეს არის ჩვენი შთაბეჭდილება იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიის მხრიდან იყო, საბოლოოდ კომპანია თვითონ გააკეთებს კომენტარს. ჩვენ სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებთ“, - განმარტა მინისტრმა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ:

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს - რამდენიმე დღეში გამარჯვებულად ჩინური კომპანია გამოვლინდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები