მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გადაიფიქრა მთავრობამ საგადასახადო შეთანხმებების სისტემის რეფორმირება - გიორგი კაკაურიძის პასუხი

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ამ ეტაპზე საგადასახადო შეთანხმებების სისტემის რეფორმირება.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეთანხმებების შესახებ რეფორმას ჯერ კიდევ 2020 წლიდან აანონსებს.

როგორც გიორგი კაკაურიძე BMG-სთან აცხადებს, თავის დროზე ამ სისტემის რეფორმა ითვალისწინებდა, რომ საგადასახადო შეთანხმებების მექანიზმი მხოლოდ კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმის პროცესში უნდა ყოფილიყო.

გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ვინაიდან ეს მექანიზმი ამ დრომდე სრულყოფილად არ მუშაობს, ამ ეტაპზე რეფორმის გატარებაზე საუბარი არაა.

“[საგადასახადო შეთანხმებების] რეფორმა მოიცავს ერთ რამეს, ის დაკავშირებული იყო გადახდისუუნარობის შესახებ ახალ კანონთან, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ კომპანიის გაკოტრების, არამედ რეაბილიტაციის მიმართულებას. ეს სისტემა როგორც კი ამოქმედდება სრულფასოვნად, კომპანიების რეაბილიტაციის პროცესში უნდა იყოს ჩართული საგადასახადო შეთანხმებაც, ანუ მარტო საგადასახადო შეთანხმებამ შეიძლება კომპანიას ვერ უშველოს, ვერ მოხდეს რეაბილიტაცია. აი აქ მოდის რეფორმის საჭიროება, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს საგადასახადო შეთანხმება. ახალი კანონი მიღებულია, დაწყებულია ეს პროცესი, თუმცა ამას სჭირდება მინიმუმ ხუთ-ექვს წლიანი პრაქტიკა, რომ პრაქტიკაში სრულფასოვნად დაინერგოს. კომპანიების ნდობა ამ პროცესის მიმართ ჯერჯერობით ძალიან დაბალია”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა საჯარო, თუ რომელ კომპანიებს უფორმებს შემოსავლების სამსახური საგადასახადო შეთანხმებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ბიზნესს დააზარალებს.

“ეს უკვე აბსოლუტურად სხვა სამსჯელოა, ეს არის კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების და არ გამჟღავნების საკითხი. ვიღაცას შეიძლება აინტერესებს, რომელ კომპანიას გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება, მაგრამ თუ ეს იქნება საჯარო ინფორმაცია, ძალიან ბევრ კომპანიას დავაზარალებთ. ამას შეიძლება ჯობდეს, საერთოდ გაუქმდეს ეგ ინსტიტუტი და [თუ] “მოკვდება” კომპანია, “მოკვდეს”. კომპანიას რა გადასახადი ჰქონდა და როდის ჩამოეწერა, ამის საჯაროდ განხილვა არაა სწორი”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2014-2024 წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ₾2.9 მილიარდის დავალიანებაზე 8 088 საგადასახადო შეთანხმება გააფორმა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებს გაუფორმა შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შეთანხმება, რა კრიტერიუმით და ვის რა მოცულობის დავალიანება ეპატია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები