ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Texas Instruments-ი უსადენო ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიას, Silicon Labs-ს 7.5 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
შეთანხმების პირობების თანახმად, Texas Instruments-ი თითოეულ აქციაში 231 დოლარს გადაიხდის ნაღდი ფულით, რის შედეგად, TI წვდომას მოიპოვებს Silicon Labs-ის პროტოკოლებზე, მათ შორის იქნება: Bluetooth, Wi-Fi, Zigbee და Matter.
TI-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰავივ ილანის განცხადებით, Silicon Labs-ის პორტფელი, რომელიც 1200-მდე პროდუქტს მოიცავს, იდეალურად ერგება Texas Instruments-ის წარმოების მასშტაბებს.
კომპანია გეგმავს Silicon Labs-ის პროდუქციის წარმოება ოფშორული ქარხნებიდან საკუთარ, ამერიკაში მდებარე მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში გადმოიტანოს. მოსალოდნელია, რომ ეს სინერგია კომპანიას წლიურად 450 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.
გარიგების დასრულება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოები და Silicon Labs-ის აქციონერები საბოლოო დასტურს გასცემენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, სიახლის გავრცელებისთანავე, Silicon Labs-ის აქციების შეფასება ბირჟაზე თითქმის 50%-ით გაიზარდა.



























