საქართველოში ენერეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა თუმცა, როგორც ირკვევა მისი ამოქმედება 6 თვით გადავადდება. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ბირჟას არ ექნება ის ძირითადი ფუნქცია, რაც ფასის დადგენას გულისხმობს.
რეფორმის ამოქმედების გაჭიანურების შესახებ განცხადება გუშინ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გაავრცელა, რაც მალევე ეკონომიკის სამინისტრომაც დაადასტურა. დღეს გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ენერეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ განაცხადა, რომ ის მიესალმება, თუკი საკითხის შესახებ საპარლამენტო მოსმენა გაიმართება.
“საუბარია საათობრივი ვაჭრობის გადავადებაზე და გუშინ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებითაც დადასტურდა, რომ კიდევ 6 თვე არის საჭირო ამ პროცესის სრულად გაშვებისთვის.
რეფორმის დანარჩენი ნაწილი რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამოქმედდება პირველი ივლისიდან. 22 დამატებითი მომხმარებელი გადის ამ ბაზარზე. აქამდე იყო 15 და პლუს 22 მომხმარებელი დაემატება. ასევე მოხდება საქმიანობების გაყოფა და თელასი და ენერგო პრო აღარ მოახდენენ ელექტროენერიის მიწოდებას და ამისთვის ყალიბდება ცალკე მიმწოდებელი კომპანიები. ესეც ძალაშია და პირველ ივლისს ამოქმედდება.
მე პირადად ვემხრობი ამ მოსაზრებას, რომ გაიმართოს საპარლამენტო მოსმენა და ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ყველანაირი ფორმატი, სადაც შეიძლება ამ რეფორმაზე ვისაუბროთ. ვთქვათ სად ვართ და რა პრობლემებია მოსაგვარებელი, რის გამოც საჭირო გახდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება 6 თვით,”- განაცხადა ირინა მილორავამ.
ირინა მილორავას თქმით, ენერგეტიკულ ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დასაწყებად მხოლოდ ბირჟის გამართულობა არ კმარა და ამისთვის ბაზრის ყველა სხვა მონაწილე - ესკო, სახელმწიფო ელექტროსისტემა და მომხმარებლებიც მზად უნდა იყვნენ, თუმცა ამ მხრივ ჯერ სამუშაო კვლავ რჩება.
“საათობრივი ვაჭრობის მონაწილეები არიან ბირჟა, სახელმწიფო ელექტროსისტემა, საბალანსო ბაზრის ოპერატორი ესკო და თავად კომპანიები. ეს ხუთივე კომპონენტი რომ კარგად მუშაობდეს, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავდივართ ახალ მოდელზე, რადგან აუცილებლად უნდა დაიტესტოს ამ ხუთი ელემენტის ურთიერთკავშირი. აპრილში მოხდა ყველა ელემენტის ერთდროულად ტესტირება. ანუ ჩვენ რომ ვატარეთ სატესტო რეჟიმები და ცალკე საბალანსო ბაზარმა ატარა ტესტირების რეჟიმები, აპრილში მოხდა პირველად, რომ 40 მონაწილე ჰყავდა სისტემას და კომპანიებმა სიმულაციურ რეჟიმში საბალანსო ბაზარზე იმოქმედეს.
აპრილში დავინახეთ გარკვეული ხარვეზები, მაგალითად ჩვენგან არ წავიდა სრულყოფილად ინფორმაცია საბალანსო ბაზრის ოპერატორთან, დაიტესტა მონაწილეების უნარები. შემდეგი ტესტი მაისშია დაგეგმილი, რომელსაც 50 მონაწილე ეყოლება,”- აცხადებს მილორავა.
ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ 6-თვიანი გადავადება არ ნიშნავს, რომ რეფორმა ჩავარდა. “რეფორმა რომ ჩავარდნილიყო ამას პირვეელ რიგში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება იტყოდა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება ამ პროცესს.”
გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში გაჭიანურებული ენერგეტიკული რეფორმის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, თუკი ბირჟის ამოქმედება ვერ ხერხდებოდა, ამის შესახებ საზოგადოებისთვის უფრო ადრეც უნდა გამხდარიყო ცნობილი.
“მას შემდეგ რაც ბირჟა დაფუძნდა, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ პირველი ივლისიდან საათობრივი ვაჭრობა ამოქმედდება. თუმცა მხოლოდ ჩვენი განცხადების შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე არსებობს რაღაც პრობლემები, რომელთა გამოც ბირჟა სრულყოფილად კი არ ამოქმედდება, არამედ ნაწილ–ნაწილ. თანაც სატესტო რეჟიმში ბირჟა საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს, ანუ ფაქტობრივად ისევ სატესტო რეჟიმში ვრჩებით მომდევნო 6 თვეც. რეალურად რასაც ბირჟის ამოქმედება ჰქვია, ის არის გადავადებული.
თუკი ეს პრობლემა არსებობდა და ბირჟა სრულფასოვნად ვერ ამოქმედდებოდა, ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის ცნობილი,”- აცხადებს გიორგი კაპანაძე “საქმიანი დილის” ეთერში.
ამ პოზიციას არ იზიარებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირინა მილორავა, რომელიც აცხადებს, რომ თუკი ვაჭრობის დაწყების 6 თვით გადავადების შესახებ უფრო ადრე გახდებოდა ცნობილი, კომპანიები ვაჭრობის დასაწყებად არ მოემზადებოდნენ.
“პირადად ჩემი აზრი იყო, რომ რაც შეიძლება გვიან უნდა გვეთქვა ამის შესახებ. ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ რაც უფრო გვიან გავაჟღერებდით ამ ინფორმაციას, მით უფრო ნაკლებად დავაზარალებდით პროცესს. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად ბოლომდე უნდა მიგვეყვანა გადადების თემა, ვინაიდან როგორც კი ვიტყოდით, რომ რეფორმა გადაიდო ყველა მოეშვებოდა – როგორც მომხმარებლები, ასევე ბაზრის მონაწილე კომპანიები,”- განაცხადა ირინა მილორავამ.
ინფორმაციისთვის: საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო. ენერგეტიკული ბირჟა, ასევე განაწილების და მიწოდების სფეროებში საქმიანობების გამიჯვნა ამ რეფორმის ნაწილებია.