მთავრობა სახვანჭკარე ყურძენს წელსაც დაასუბსიდირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მათი ინფორმაციით, 1 კგ ყურძენზე სახელმწიფო კომპანიებს 4 ლარს გადაუხდის, დარჩენილი თანხის 3 ლარის გადახდა კი წარმოებებს თავად მოუწევთ. უნდა აღინიშნოს, რომ რთველი 2022-ის დაწყების შემდეგ მთავრობის წევრებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ წითელი ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა მაღალია და ამიტომ წელს მთავრობამ მხოლოდ თეთრი ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას გეგმავდა.
აქედან გამომდინარე BM.GE-მ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხა - რატომ გადაწყდა "სახვანჭკარე" ყურძნის სუბსიდირება, როცა წითელი ყურძენზე მოთხოვნა მათივე განცხადებით მაღალია?
ოთარ შამუგიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სახვანჭკარე" ყურძენზე მოთხოვნა არის, თუმცა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ არ სურს წელს რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთული ყურძნის შესყიდვა, გასული წლის მსგავსად სახელმწიფო საწარმოს მოუწიოს.
„ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესი არ ყიდულობს, მოთხოვნა არის, მაგრამ ფასებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დღეს არსებული ვითარება შევაფასეთ და გვქონდა კომუნიკაცია საწარმოებთან - რა რაოდენობის მიღებას და გადამუშავებას აპირებენ წელს ისინი. გასულ წელსაც ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე გვქონდა სუბსიდია 7 ლარის ფარგლებში 1 კგ-ზე 3 ლარის ოდენობით. წელს ეს ცვლილება (სუბსიდირების) გამოწვეულია იმ რეალობით, რომ შარშან სახელმწიფო საწარმოს მოუწია ჩარევა და გარკვეული რაოდენობის ყურძნის შესყიდვა. გვინდა მეტი სტიმული მივცეთ კერძო სექტორს, რომ სახელმწიფოს ყურძნის ჩაბარება აღარ მოუწიოს და აღნიშნული ჯიშის ყურძენი მთლიანად კერძო სექტორის მიერ იქნას შესყიდული“, - განაცხადა მინისტრმა.
რეპლიკაზე, ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომ 7 ლარად „სახვანჭჯარე“ ყურძენი არ იყიდება და ამით სახელმწიფო კვლავ ბიზნესს და მევენახეებს ასტიმულირებს, მინისტრმა თქმა, რომ სახელმწიფოსთვის მთავრობისთვის მთავარია, რომ მევენახეებმა შემოსავალი მიიღონ და ყურძენზე არსებული ფასი - 7 ლარი შენარჩუნდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ფერმერებმა მიიღონ შესაბამისი შემოსავალი და ვინარჩუნებთ იმ ფასებს, რა ფასებიც იყო ამ მიმართულებით. კერძო სექტორს ვაძლევთ დამატებით სტიმულს, რომ მათ ჰქონდეთ ინტერესი და შეისყიდონ ის მოსავალი, რაც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში იქნება მოწეული და სახელმწიფო საწარმოს მონაწილება იყოს მინიმალური ან საერთოდ არ იყოს“, - განმარტა შამუგიამ.