საქართველოსთვის საგარეო ვალის მომსახურება გაძვირდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის 2023 წლის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები ორ კატეგორიად იყოფა, საქართველოს საგარეო ვალების 53%-ს წინასწარვე აქვს საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირებული, ხოლო 47% ცვლად განაკვეთიანია და ის ევროპის საბაზრო განაკვეთებზე, LIBOR-სა, EURIBOR-ზე არის მიბმული. მაშინ, როდესაც ეს საბაზრო განაკვეთები იზრდება, ვალის მომსახურების საფასურიც ძვირდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, წარსულში საგარეო ვალის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1.6% იყო, ხოლო 2023 წელს საშუალო განაკვეთი 4-5%-ის ფარგლებში იქნება. ამის მიზეზს კი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შედეგად მზარდი საბაზრო საპროცენტო განაკვეთები წარმოადგენენ.
საგარეო ვალის გაძვირებას ახალ პრობლემად მიიჩნევს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მომზადებულ დასკვნაში აღნიშნავს, რომ მომდევნო წელს მთავრობას სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება რეკორდულად ძვირი დაუჯდება.
საგარეო ვალის მომსახურებისთვის 2023-ში 1.65 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. ეს 2022 წელთან შედარებით 380 მილიონი ლარით მეტია. ვალის ძირში საქართველო 1.17 მილიარდ ლარს, ხოლო პროცენტში 480 მილიონ ლარს გადაიხდის.
“საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 47%-ს შეადგენს.
ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 21.5 მილიარდ ლარს შეადგენს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი საქართველოს საერთაშორისო დონორების - მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აზიის განვითარების ბანკის, EIB-ის, გერმანიის საერთაშორისო განვითარების ბანკის, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების ბანკის, EBRD-ისა და სხვა დონორების მიმართ მართებს.




























