მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაძვირდა საქართველოში დიზელი? - ზაალ იაკობიძის შეფასება

62c5219ae111a
თათია ჩაფიჩაძე
06.07.22 19:20
1784
საქართველოში საწვავი ძვირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა. განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი, რომლის ფასი საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე 4.60-2.79 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საწვავის იმპორტიორი კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი საწვავის, განსაკუთრებით კი დიზელის გაძვირების მიზეზად რუსეთიდან იმპორტის გართულებას ასახელებს. ზაალ იაკობიძე bmg-სთან განმარტავს, რომ შემომტანი კომპანიების დიდი ნაწილი სანქცირებულთა სიაში მოექცა, რის გამოც რუსული იაფი საწვავის ჩანაცვლება სხვა ბაზრებიდან ხდება და ამ შემთხვევაში მათი ფასი რუსულთან შედარებით ტონაზე 200-300 დოლარით მეტია.

ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ დიზელზე ფასის ზრდის ტენდენცია მოკლე ვადიან პერიოდში არ შეიცვლება.

„რუსეთი ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ დაბალ ფასად ყიდდა საქონელს, რათა გაყიდვები დაესტიმულირებინა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზეც ფასი იყო შესაბამისი. საერთაშორისო ბაზრებსა და რუსეთის ბაზარს შორის ფასში საკმაოდ დიდი სხვაობაა - 1 ტონაზე, დაახლოებით, 200-300 დოლარი, რაც 70-80 თეთრიან სხვაობას იძლეოდა.

ბოლო პერიოდში რუსეთიდან შემოტანილ საქონელზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდა, რადგან სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალი გაიზარდა. საქართველოს საბაჟო ძალიან გულდასმით აკონტროლებს იმას, რომ მთელ ამ ჯაჭვში სადმე არ იყოს ნახსენები რომელიმე სანქცირებული ფირმა და ეს გავლენას ახდენს და ართულებს შემოტანას, შესაბამისად, გაიზარდა ფასიც. იმ გარემოებაში, რაც არის საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ფასის გათვალისწინებით და მეორე მხრივ, იაფასიანი საწვავის შემოსვლა გართულებულია, მოლოდინი იმისა, რომ მოკლე პერიოდში ცვლილება მოხდება, ამის დიდი არგუმენტები არ გვაქვს“, - განაცხადა იაკობიძემ, რომელსაც bm.ge 5 ივლისს ესაუბრა.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის ფასების დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 48 საათში ბარელი ნავთობის ღირებულება 7.5%-ით შემცირდა, რაც ვარდნის საკმაოდ მკვეთრი მაჩვენებელია. ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 103 დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 4 ივლისს მისი ფასი 113.5 დოლარს შეადგენდა; WTI Crude-ის სავაჭრო ფასი კი ამჟამად 99-დოლარიან ნიშნულამდეა შემცირებული, ამ შემთხვევაში, შემცირების მაჩვენებელი 9 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები