მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაფორმდა ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის ხელშეკრულება შავ სიაში მყოფ კომპანიასთან? - განმარტება

რეაბილიტაცია

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, შპს "იუკონი და კომპანიასთან" ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის ხელშეკრულების გაუფორმებლობის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა, რადგან კომპანია შავ სიაში მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ის ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა. ასე უპასუხა თამაზ ალიბეგაშვილმა BMG-ის კითხვებს - რატომ გაფორმდა ინგოროყვას პროექტზე ხელშეკრულება შავ სიაში მყოფ კომპანიასთან.

თბილისის განვითარების ფონდმა ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციის ერთ-ერთი ლოტის ფარგლებში 7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი 8 აპრილს შპს "იუკონი და კომპანიასთან" გააფორმა. თუმცა 2026 წლის 3 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით აღნიშნული კომპანია შესყიდვების სისტემის შავ სიაში შეიყვანეს.

"კონკრეტულად ეს კომპანია, რომელიც შავ სიაში იყო მოხვედრილი, ხელშეკრულებაზე უკვე მოცემული იყო, გამარჯვებულად იყო გამოვლენილი და აქედან გამომდინარე, ფონდს არ ჰქონდა სამართლებრივი არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება არ გაეფორმებინათ, ან არ გაეფორმებინა აღნიშნულ კომპანიასთან. აი, ახლა პროცედურა როგორია, როდესაც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და პარალელურად შავ სიაშია კომპანია, აი ამ შემთხვევაში რა ხდება, ჩვეულებრივად გრძელდება თანამშრომლობა ამ კომპანიასთან", - აცხადებს ალიბეგაშვილი.

ტენდერში გამარჯვებულად "იუკონი და კომპანია" 27 მარტს გამოვლინდა, ხოლო კონტრაქტის გაფორმება 8 აპრილს მოხდა, იქამდე კი 3 აპრილს კომპანია შავ სიაში შეიყვანეს. ტენდერში მონაწილეობა სულ ორმა კომპანიამ მიიღო, წარდგენილი წინადადებების თანახმად, სამუშაოს შესრულება მერიას ყველაზე იაფად - 7 მილიონ ლარად სწორედ "იუკონი და კომპანიამ" შესთავაზა, მისმა კონკურენტმა შპს "მარდიმ" კი 1.3 მილიონი ლარით უფრო ძვირი შეთავაზება წარუდგინა თბილისის განვითარების ფონდს.

რაც შეეხება ინგოროყვას და ლეონიძის ქუჩების რეაბილიტაციის სხვა ლოტებს, ისინი ასე ნაწილდება:

  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N7 (კოშკი), პავლე ინგოროყვას N12 და პავლე ინგოროყვას N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 7,026,425 ლარი, კომპანია "იუკონი და კომპანია".
  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N18 და პავლე ინგოროყვას N20-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,428,941 ლარი, კომპანია "ბილდკინგს".
  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N8, პავლე ინგოროყვას N10 და პეტრე ჩაიკოვსკის N2-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 17,657,796 ლარი, კომპანია "ბილდკინგს".
  • ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N3 და პავლე ინგოროყვას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,377,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N4 და სულხან-საბას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,077,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N5, სულხან-საბას N7 და სულხან-საბას N9-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 14,577,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
  • ქ. თბილისში, სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7-ში არსებული შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 11,577,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები