მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა აშშ-ში ინფლაცია?

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის სამსახური საგანგაშო მონაცემებს ასაჯაროებს – დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგთან შედარებით გაცილებით უარესია.

ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზეა საბაზისო ინფლაციაც (Core CPI), რომელიც ამჯერად 3.9%-ით განისაზღვრა.

ინფლაციის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების გაძვირებაა, რაც ქვეყანაში ტრანსპორტირების და კომუნალურ ხარჯებს ზრდის.

დეკემბერში ინფლაციური წნეხის ფაქტობრივად ნახევარი სურსათის ჯგუფში გაზრდილმა ფასებმა განაპირობა, რაც ასევე კავშირშია ენერგორესურსებთან და ზამთრის სეზონთან.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საახალწლო პერიოდი, როდესაც მოქალაქეები საყიდლებსა და საჩუქრებზე წლის განმავლობაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ.

ზოგადად, წლის ამ პერიოდში ფასების ზრდა გასაკვირი არ არის და ამას ექსპერტებიც მოელოდნენ, თუმცა რეალური ზრდა გაცილებით უფრო დრამატული აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დასაძლევად აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენციის დასაძლევად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება კიდევ რამდენიმე თვით იქნება აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები