აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის ექსპერტის, იოსებ ძამუკაშვილი-სეხნიაშვილის შეფასებით, ანაკლიის ტენდერში, აშშ-ის მიერ სანქცირებული, ჩინური კომპანიის გამარჯვება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას ადასტურებს.
BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიის გამარჯვება მოსალოდნელი იყო და ეს დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
„წინა კონსორციუმის დაშლის შემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ ჩინური კომპანია გაიმარჯვებდა. China Communications Construction Limited-ი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშენებს ხელოვნურ კუნძულებს, რომ ხელში ჩაეგდო ტაივანთან არსებული ზღვა და მასზე კონტროლი დაემყარებინა. სწორედ ამიტომაა დასანქცირებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
როდესაც მივიჩნევთ, ფორმალურ დონეზე მაინც, რომ აშშ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა და ამავდროულად აშშ-ის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წინა კონსორციუმში მონაწილეობდა და ამ კონსორციუმის წინააღმდეგ მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიეღო ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობა და შემდეგ იწვევს ისეთ კომპანიას, რომელიც აშშ-ის მიერაა სანქცირებული, ძალიან დიდი სიგნალია. მით უმეტეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ხდება „რუსული კანონის“ მიღება, უკვე ორი არგუმენტია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და პირდაპირ აჩვენებს, რომ საქართველომ ნამდვილად იცვალა კურსი საგარეო ურთიერთობებში. თუ ვიყავით ძალიან პროდასავლური ქვეყანა, უკვე გვსურს მივიღოთ „რუსული კანონი“ და ჩინური კომპანიები მოვიწვიოთ პორტების ასაშენებლად“, - აღნიშნა ექსპერტმა.
იოსებ ძამუკაშვილი-სეხნიაშვილი არ გამორიცხავს, რომ „რუსული კანონის“ მიღების პარალელურად ანაკლიის ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების პირობებში, დასავლეთის პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იყოს.
„პრობლემა ზოგადად, როგორც ასეთი ჩინურ კომპანიასთან არ არსებობს, ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს თანამშრომლობა ჩინურ კომპანიებთან, საკუთარი პირობებით. პრობლემა არსებულ რეალობაშია. ჩვენ რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან გაუარესებული არ გვქონდეს ურთიერთობები და სწორი კონკურენციის ფონზე ჩინური კომპანია იმარჯვებდეს, აქ კითხვა არ გაჩნდებოდა და ეჭვი არ შეგვეპარებოდა, რომ ეს ტენდერი ნორმალურად ჩატარდა. ძალიან დიდი რისკებია, რომ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ ევროკავშირმა და აშშ-მა. აშშ-სთვის რუსეთთან ერთად, ჩინეთი ნომერ პირველი სტრატეგიული მტერია“,- განაცხადა ექსპერტმა.