რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა უარი თქვა რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის იმპორტზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სანქცირებულ საბირჟო საქონელს შორის არ მოხვდა გათხევადებული ბუნებრივი აირი, იგივე LNG. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირის ბაზარზე 17.8 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი შევიდა, მაგრამ პარალელურად ამისა, ორგანიზაცია ალტერნატიულ მიმწოდებლებზეც გადაერთო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ნორვეგიასა და კატარზე.
ევროკავშირის მხრიდან ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე მომატებული მოთხოვნის ფონზე, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ამ საბირჟო საქონლის ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთ გლობალურ სუპერძალად ყალიბდება. გლობალური კვლევითი ორგანიზაციის, ICIS-ის დათვლებით, 2029 წლისთვის, LNG-ის გლობალურ მიწოდებაში აშშ-ის წილი 31%-მდე გაიზრდება, როცა წელს, ის 22%-ის ტოლია. თუ დღეს, ევროკავშირში რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტი აკრძალული არ არის, ევროკომისიის გაცხადებული პოზიციაა, რომ 2027 წლამდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსულ ბუნებრივ წიაღისეულზე უარი უნდა თქვან.