2023 წელს, ესპანეთში რეკორდული მოცულობის რუსული გაზი შევიდა, რის გამოც, მიმდინარე წელს, ამ მხრივ, ესპანეთი რუსეთზე 6-ჯერ უფრო დამოკიდებული გახდა, ვიდრე 2018 წელს.
ესპანური El Mundo-ს დათვლებით, 2018 წელს, რუსულ გაზზე ესპანეთში იმპორტირებული გაზის მხოლოდ 2.4% მოდიოდა, მაგრამ მიმდინარე წელს, რუსულმა გაზმა ჯამური იმპორტის 18.1% შეადგინა. ამ მაჩვენებლით, რუსეთს მხოლოდ ორი სახელმწიფო უსწრებს, ესენია: ალჟირი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ესპანეთის რუსეთზე მზარდი დამოკიდებულება ორი ფაქტორით აიხსნება. პირველი - ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და მაგრების გაზსადენის დახურვას უკავშირდება, მეორე კი ისაა, რომ ევროკავშირის მიერ რუსულ ბუნებრივ წიაღისეულზე დაწესებული სანქციები არ ვრცელდება რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე, იგივე LNG-ზე, რომელიც, ბოლო დროს, რუსეთის ერთ-ერთ უმთავრეს საექსპორტო საქონლად იქცა.
რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში, გათხევადებული ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერები სათავეს ციმბირში მდებარე იამალის პორტიდან იღებენ, რომელიც რუსეთში LNG-ის რიგით მეორე უდიდეს მწარმოებელი Novatek-ის, ჩინური გიგანტი China National Petroleum Corporation-ისა და ფრანგული TotalEnergies-ისგან შემდგარ კონსორციუმს ეკუთვნის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირის ბაზარზე 17.8 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ევროკავშირი რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, თანაც იმდენად, რომ რუსული გაზის ექსპორტის 40%, ანუ 155 მილიარდი კუბური მეტრი, სწორედ ევროკავშირში გადიოდა. მოგვიანებით, ევროკავშირი ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადაერთო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ნორვეგიასა და კატარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეკორდულად გაიზარდა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ შესყიდული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი.