მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული LNG-ის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ბაზარზე ევროკავშირის პორტებიდან ხვდება - FT

LNG

ევროკავშირში ექსპორტირებული რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მეხუთედზე მეტი, ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებში გადის, რითაც ოფიციალური მოსკოვის საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება, - ამის შესახებ Financial Times-ის მიერ მომზადებულ უახლეს მასალაში ვკითხულობთ.

რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ერთი გემიდან მეორეზე გადატვირთვა აკრძალულია, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე ნიდერლანდებში, მაგრამ, როგორც Financial Times-ი იუწყება, მონაცემები ცხადყოფს, რომ ბელგიის, საფრანგეთისა და ესპანეთის პორტებში ეს პრაქტიკა დღესაც აქტუალურია და სწორედ ამ ქვეყნების გავლით ხვდება რუსული LNG სხვა კონტინენტებზე.

გადატვირთვის პროცესი, რუსეთისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან სწორად ასე ხვდება რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი დიდი ზომის არქტიკული ტანკერებიდან შედარებით მცირე ზომის LNG-ტანკერებზე, რომელთაც საწვავი დანიშნულების ადგილამდე მიაქვთ.

რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში, გათხევადებული ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერები სათავეს ციმბირში მდებარე იამალის პორტიდან იღებენ, რომელიც რუსეთში LNG-ის რიგით მეორე უდიდეს მწარმოებელი Novatek-ის, ჩინური გიგანტი China National Petroleum Corporation-ისა და ფრანგული TotalEnergies-ისგან შემდგარ კონსორციუმს ეკუთვნის.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირის ბაზარზე 17.8 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი შევიდა და, როგორც “ენერგეტიკული ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტი” იუწყება, ამ საწვავის 21% ისეთ გემებში გადაიტვირთა, რომელთა საბოლოო დანიშნულების ადგილად ჩინეთი, იაპონია და ბანგლადეში იყო მითითებული.

საქმე ისაა, რომ რუსული ქვანახშირისა და ნავთობისგან განსხვავებით, რუსული გათხევადებული აირი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ საბირჟო საქონელს არ წარმოადგენს, მაგრამ ევროკომისიის გაცხადებული პოზიციაა, რომ 2027 წლამდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსულ ბუნებრივ წიაღისეულზე უარი უნდა თქვან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ევროკავშირი რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, თანაც იმდენად, რომ რუსული გაზის ექსპორტის 40%, ანუ 155 მილიარდი კუბური მეტრი, სწორედ ევროკავშირში გადიოდა. მოგვიანებით, ევროკავშირი ალტერნატიულ მომწოდებლებზე გადაერთო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ნორვეგიასა და კატარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეკორდულად გაიზარდა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ შესყიდული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი.

თავად ის ფაქტი, რომ რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი სანქცირებული არ არის, იმ ლოგიკით აიხსნება, რომ ამ შემთხვევაში, გაუქმდება გრძელვადიანად გაფორმებული კონტრაქტები, რაც ევროპულ კომპანიებს რუსული კომპანიების სასარგებლოდ კომპენსაციების გადახდას აიძულებს. აი, ბელგიურ Fluxys-ს, მაგალითად, იამალის პორტთან 20-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელიც 2039 წელს ამოიწურება.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანონმდებლები გადაწყვეტენ, თუ როგორ შეუზღუდონ წვდომა რუსულ და ბელორუსულ ოპერატორებს ევროკავშირის გაზის ინფრასტრუქტურასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები