მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ქვეყნებმა გაუწიეს უკრაინას ყველაზე მეტი დახმარება?

აშშ-ს დახმარება უკრაინას

2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინამ 230 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო. ამ თანხიდან, ევროკავშირის და აშშ-ს წილი 70%-ია.

Visual capitalist-ი აქვეყნებს ინფორმაციას, ტოპ 10 დონორზე, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გაუწიეს. აღნიშნული მონაცემები 2022 წლის 24 იანვრიდან - 2023 წლის 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

ქვეყნების მიერ გაცემული დახმარება რამდენიმე კატეგორიად ნაწილდება. ესენია: სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება.

2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ევროკავშირი უკრაინისთვის ყველაზე დიდი დონორი აღმოჩნდა. ევროკავშირმა თითქმის $90 მილიარდის დახმარება გაუგზავნა უკრაინას. აქედან 5 მილიარდ 900 მილიონი დოლარი სამხედრო დახმარება იყო. 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი ჰუმანიტარაული, 81 მილიარდ 400 მილიონი კი ფინანსური.

ევროკავშირის შემდგომ, უკრაინისთვის ყველაზე დიდი დონორი ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყანამ ომის დაწყებიდან უკრაინაში გამოყოფილი თანხების 96% უკვე გასცა, რაც 73 მილიარდ 200 მილიონი დოლარია. თუმცა თუ ევროკავშირის მიერ გაღებულ გრანტებში უმეტესი წილი ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა, ამერიკის დონაციის უმეტესი წილი სამხედრო მიმართულებით განხორციელდა. საუბარია - 44 მილიარდ 400 მილიონ დოლარზე. 25 მილიარდ 100 მილიონი დოლარი აშშ-მ უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაში მიმართა.

უკრაინის დონორების მესამე ადგილს გერმანია იკავებს. ქვეყანამ უკრაინაში 18 მილიარდი დოლარის სამხედრო, 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული, 1 მილიარდ 400 მილიონი ფინანსური დახმარება გასცა. ჯამში გერმანიის დონაციამ 22 მილიარდ 100 მილიონ დოლარს მიაღწია.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. ქვეყნის დახმარებამ 14 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

უკრაინის ყველაზე მსხვილი დონორების ხუთეულს ნორვეგია ავსებს. ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად 7 მილიარდ 900 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. ათეულშია იაპონია ($6.8), კანადა ($5.8), პოლონეთი ($4.5), ნიდერლანდები ($4.3) და დანია (4.1). ჯამში დონორების ათეულს უკრაინისთვის 232 მილიარდ 900 მილიონი დოლარის დახმარება აქვთ გაწეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები