მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა დეპოზიტების დოლარიზაცია? - საბანკო ასოციაციის შეფასება

ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ გასული წლის ბოლოს დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.

საქმე ისაა, რომ 2024 წლის IV კვარტალში 2 მილიარდი ლარის დეპოზიტები დოლარში დაკონვერტირდა. შედეგად, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ამ პერიოდში დეპოზიტების დოლარიზაცია 49%-დან 53%-მდე გაიზარდა.

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ის განუცხადა, ანაბრების დოლარიზაციაზე ისეთ ფაქტორებს აქვს გავლენა როგორიცაა კურსთა შორის სხვაობა, ასევე გაუარესებული მოლოდინების ფონზე, ბაზრის მონაწილეების მხრიდან დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა.

ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ლარის ანაბრების შემცირება და უცხოური ვალუტის დეპოზიტების წილის ზრდა გასული წლის ბოლოს სეზონური ფაქტორებითაც იყო გამოწვეული.

„მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ლარიზაციის მაჩვენებელი მზარდი იყო, ანაბრების 50% მაინც უცხოური ვალუტის სადეპოზიტო პორტფელში რჩებოდა. შესაბამისად, კურსის ცვლილება, გაუფასურება პირდაპირ პროპორციულად აისახება ამ მაჩვენებლის ცვლილებაზე, ანუ ლარის გაუფასურების გამო უცხოურ ვალუტაში სადეპოზიტო პორტფელი იზრდება ხოლმე.

შეგვიძლია მეორე ფაქტორზეც ვისაუბროთ, რომ ლარის კურსის და მოლოდინების ცვალებადობას უცხოურ ვალუტაში ლარის გადაკონვერტირება პირდაპირ მოჰყვება ხოლმე. ლარის გაუფასურებისას ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადააქვთ.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა პერიოდთან შედარებით წლის ბოლოს, დეკემბერში იმპორტი იზრდება და მზარდია ლარის ხარჯვაც, ანუ მეტი იხარჯება მიმდინარე ანგარიშებიდან და მეტი კონვერტირდება უცხოურ ვალუტაში“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ასოციაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათი შეფასებით, უკვე წლის დასაწყისში საბანკო სექტორში მსგავსი დიდი მოცულობით უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გადატანა აღარ ფიქსირდება.

„მოლოდინია, რომ მიმდინარე პერიოდში ხარჯვითი ნაწილი მეტ-ნაკლებად შემცირებული იქნება, ამ პერიოდში იმპორტიც მცირდება და მოლოდინია, რომ ეს მდგომარეობა ამ თვეში შეიცვლება. იანვრის მაჩვენებლების შესახებ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არაა, თუმცა კონვერტაციის მასშტაბი ისეთი აღარაა როგორიც იყო. ზოგადად, დღეს ლარის დეპოზიტებზე ისეთი მაღალი საპროცენტო სარგებელია, პირიქით, უცხოური ვალუტიდან ლარის ანაბრებში გადაკონვერტირებაც შეიძლება ვიხილოთ, თუკი მოლოდინები შეიცვლება“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები