მიმდინარე წლის 3 თვეში კარტოფილის ექსპორტის რეკორდულ ზრდას, ახალქალაქელი ფერმერი ილია ყავრელიშვილი, გასულ წელს ქვეყანაში კარტოფილის მოსაყვანად შესაბამის კლიმატურ პირობებს ასახელებს.
საქმე ის არის, რომ გასულ წელს საქართველოში მოყვანილი კარტოფილის მოცულობები და 1 ჰა-ზე მოსავლიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს 221 100 ტონა კარტოფილი იწარმოვა, რაც წლიურად 12.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოსავლიანობის მაჩვენებელი კი 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 3.4 ტონით გაიზარდა და 1 ჰა-ზე 15 ტონა შეადგინა.
გაზრდილი მოსავლიანობის პირობებში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 43 465 ტონა კარტოფილის ექსპორტით ქვეყანამ რეკორდული 13 მილიონ 461 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში, ახალი ან შეყინული კარტოფილის ექსპორტი $358 ათასს, მოცულობა კი 1 077 ტონას არ აღემატებოდა. ზრდა 3652%-ია.
ფერმერი ილია ყავრელიშვილი BM.GE-სთან განმარტავს, რომ კარტოფილის ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი მოსავლიანობასთან ერთად, სარეალიზაციო ბაზრებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამაც განაპირობა. მისი ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლის დაახლოებით 105 ათასი ტონა კარტოფილია ექსპორტირებული.
„კონკრეტულად ახალქალაქში კარტოფილის ნათესი ფართობები ძალიან გაზრდილი არ არის, თუმცა ძალიან დიდი რაოდენობის მოსავალი მოვიდა, ყველას დაახლოებით 60%-ით მაღალი მოსავალი ჰქონდა, რაც გასულ წელს არსებულმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. ისეთი გრილი და ნალექიანი ამინდები იყო, რაც კარტოფილის მოსაყვანად კარგია. ისეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ ასაღები მოსავალი დაგვრჩენოდა, ახლა კი იყვნენ ფერმერები, რომლებმაც მოსავლის აღება ვერ მოასწრეს. ექსპორტის ზრდაც კარგი მოსავლით არის განპირობებული“, - განმარტავს ილია ყავრელიშვილი და დასძენს, რომ იანვარში ყაზახეთში კარტოფილზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა, რაც 1 კგ-ზე 2.5 დოლარი იყო, მაშინ როდესაც საქართველოში ამ პერიოდში 1 კგ კარტოფილის ღირებულება 65-75 თეთრის ფარგლებში იყო.
ფერმერს ახალქალაქში კარტოფილი 17-18 ჰა-ზე მოჰყავს და გასულ წელს ჯამში 980 ტონა მოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 500-600 ტონის მიღებას გეგმავდა. ილია ყავრელიშვილი იმასაც განმარტავს, რომ მისგან კარტოფილი რუსეთში, ყაზახეთსა და სომხეთში გაიყიდა. ის ამბობს, რომ გასული წლის კარგი მოსავლის მიუხედავად წელს მაინც 500-600 ტონა მოსავალ ელის და ამ კულტურის ფართობიც არ გაუზრდია, რადგან სოფლის მეურნეობაში ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ფერმერი კარტოფილის მოყვანისას არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მუშახელის მომსახურების გაზრდილი ხარჯი მათთვის დიდი დაბრკოლებაა.
„თავიდან კარტოფილის მოყვანას 25 ჰა-ზე ვფიქრობდით, თუმცა დარჩენილ მიწის ფართობზე მარცვლეული კულტურები დავთესე, რადგან მუშახელის სერიოზული პრობლემა გვაქვს და კარტოფილის მოყვანას დიდი რესურსი სჭირდება. ჩვენთან ისეთი კლიმატია თუ დროულად ვერ მოვასწარით კარტოფილის აღება თოვლი და ყინვები იწყება და მუშახელის მომსახურებაც ძვირდება. თუ ადრე მუშახელის მომსახურებაში 60-70 ლარს ვიხდიდით, გასულ წელს 120 ლარი შეადგინა და წარმადობა შემცირდა. წინა წლებში როდესაც 70 ლარამდე ვუხდიდით, ერთი მუშახელი 2-2.5 ტონა მოსავალს იღებდა, გასულ სეზონზე კი 100-120 ლარს ვიხდიდით და საშუალოდ 1-1.5 ტონას ვერ ვიხდიდით. შესაბამისად მუშახელის ხარჯი გაზრდილია“, - აღნიშნავს ფერმერი.




























