გასული 48 საათი Amazon-ის მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის საკმაოდ უცნაური, დაძაბული და პარადოქსებით აღსავსე იყო. ყველაფერი Cloud-სერვისის, AWS-ის შეფერხებით დაიწყო, რომელიც გლობალური ციფრული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტს წარმოადგენს.
Amazon Web Services-ის შეფერხებამ ათასობით კომპანიის, სერვისის და ვებგვერდის გაჩერება გამოიწვია, მათ შორის იყო: Fortnite, Facebook, Snapchat, Coinbase, Perplexity AI, Delta და United Airlines.
შეფერხების მიზეზი AWS-ის სისტემაში არსებული ტექნიკური გაუმართაობა იყო, რომელმაც გლობალურ ეკონომიკას მილიარდობით დოლარის ზარალის მიაყენა, თუმცა, ამის მიუხედავად, Amazon-ის აქციები არათუ დაეცა, არამედ გაიზარდა.
ამ უჩვეულო მოვლენის განმაპირობებელი მიზეზი კი ის იყო, რომ ინვესტორებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია AWS-ის სერვისი და როგორ არის მასზე დამოკიდებული თითქმის მთელი მსოფლიო. ჯეფ ბეზოსის კომპანიის გავლენის დემონსტრაციის ფონზე, Amazon-ის აქციების შეფასება თითქმის 3%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ კომპლექსური რამ არის საფონდო ბირჟა.




























