საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ აქვს პასუხი კითხვაზე რატომ გადაწყვიტა ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოებს შეეძლოთ დაეინტერესებინათ კომპანიები ამ პროექტით, რომელიც მოგებიანია, თუმცა ასე არ მოხდა.
„მე ამაზე არ მაქვს პასუხი. რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორის ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. რომ ყოფილიყო მეტი ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გასჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა. ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა სხვანაირად ხდება სამწუხაროდ ყველაფერი“, - თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება "ლელოს" ლიდერების განცხადებებს, კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით ხელის შეშლა არ ყოფილა.
"სრული სპეკულაციაა. არათუ ხელი არ შეგვიშლია, კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი, რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან სინამდვილეში, სავარაუდოდ კორუფციული ინტერესები ჰქონდათ. ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა. შესაბამისად ეს მისი პასუხისმგებლობაა", - თქვა კობახიძემ.