მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გამოუწერა ევროკავშირმა მასკის X-ს $140-მილიონიანი ჯარიმა?

ილონ მასკის X

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ი, რომელსაც ადრე Twitter-ის სახელით იცნობდნენ, ევროპულმა კომისიამ $140 მილიონი დოლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ჯარიმაა, რომელიც ევროპულმა ბლოკმა ციფრული სერვისების აქტის მიღების შემდეგ გამოწერა.

არსებული ინფორმაციით, მასკის კომპანიის დაჯარიმება უკავშირდება ვერიფიცირებული მომხმარებლების სპეციალურ ლურჯ ნიშანს. როგორც ევროკომისიაში განმარტავენ, რიგითი ვიზიტორისთვის შეუძლებელია იმის გარჩევა, ლურჯი ნიშანი ოფიციალურ, ვერიფიცირებულ გვერდს ეკუთვნის თუ ადამიანს, რომელმაც ამ სიმბოლოს დაყენებაში ფული გადაიხადა. შესაბამისად, ჩნდება საფრთხე, რომ “ნაყიდი ვერიფიკაციის” მქონე პირი თავს ოფიციალურ სუბიექტად გაასაღებს და მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს.

ე.წ. ლურჯი ნიშნების გარდა, ევროკომისიამ მასკის კომპანია სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების სისტემის არაგამჭვირვალობის, ასევე საჯარო მონაცემებზე მკვლევრებისთვის წვდომის შეზღუდვის გამო დააჯარიმა. ცნობისთვის, ორივე ეს საკითხი ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში მკაცრად რეგულირდება.

X-ის წარმომადგენლებს ახლა 60 დღე აქვთ, რათა “ლურჯი ნიშნის” საკითხი მოაგვარონ, 90 დღის ვადაში კი დარჩენილი ორი საკითხის აღმოფხვრის გეგმა უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმას დამატებითი ჯარიმები დაუწესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები