"ქართული ოცნების" მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ცვლილების შესახებ, დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. სავარაუდოდ, კანონპროექტს "ოცნება" დღესვე, დაჩქარებული პროცედურით მიიღებს.
განათლების კომიტეტზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროებაზე დასვა კითხვა. როგორც მან აღნიშნა, კანონს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემისთვის მძიმე შედეგები ექნება.
"რატომ დაჩქარებულად?! წლები სჭირდება განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში განათლების რეფორმას, რომელიც ეფუძნება კვლევებს, რისკების შესახებ ძალიან დიდ ინფორმაციას, მოდელირებას... აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, რომ ორ დღეში ვიღებთ კანონს, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე შედეგები", - განაცხადა თამარ ხვედელიანმა.
დეპუტატის კითხვას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დარეგისტრირებული კანონპროექტი ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს და განათლების რეფორმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.
"ეს კანონპროექტი და სრული პაკეტი არის ძალიან თანმიმდევრული და ზუსტად ეხმიანება იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც უმაღლეს განათლებას დღეს აქვს. ამასთან ერთად, ეს პროექტი და ზოგადად სტრატეგია და კონცეფცია, ორ დღეში არ დაწერილა, წლებია ეს საჭიროებები დგას. თვითონ კომიტეტმა და კომიტეტის წინა მოწვევამ, ერთგვარი განათლების კონსტიტუციის სახით, ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა მიიღო და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ამ რეფორმის. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო გუნდი, ასევე აღმასრულებელი, ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია მუშაობს და ზუსტად ეხმიანება გამოწვევებსა და საჭიროებებს.
ყველა ვთანხმდებით, რომ რეფორმა ძალიან დროული, ძალიან საჭირო და შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი, რატომაც არის დაჩქარებული წესით. ამასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს და განსაკუთრებით "ქართულ ოცნებას" აქვს ხოლმე საარჩევნო დაპირება და გეგმა, რომლის ერთ-ერთი ძირეული ნაწილი იყო განათლების მიმართულებით რეფორმა. თუ ამასთან დაკავშირებით თქვენ პარტიასაც ჰქონდა ნამუშევარი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს ხედვას ამ რეფორმასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას თქმით კი, სამინისტროს არ აქვს მოლოდინი, რომ განათლების რეფორმას მძიმე შედეგი ექნება საგანმანათლებლო სისტემაზე. როგორც მან ხვედელიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად გარკვეული რისკებისა, მთავრობა ამ რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.
"რა თქმა უნდა, მოვერიდები პოლიტიკური შეფასების ნაწილს, უფრო თემატურად ვეცდები, რომ გიპასუხოთ. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რეფორმას დაჩქარებულად ვიხილავთ და წინ არ უძღოდა გარკვეული ტიპის კვლევები. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს რამდენიმე სსიპი და მათ შორის დეპარტამენტები, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად, ყოველწლიურ რეჟიმში აკეთებენ შესაბამის კვლევებს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი, მეცნიერების დეპარტამენტი და ა.შ. რომლებიც წლების განმავლობაში ამ ყველაფერზე მუშაობენ, მაგრამ არ იყო რეალიზაციის საშუალება. ჩვენ ახლა დავიწყეთ მისი სწრაფი რეალიზაციის განხორციელების ნაწილი, რითაც ძალიან ვამაყობთ, გულწრფელად რომ გითხრათ. უშეცდომო, რა თქმა უნდა, არავინ არის და შესაძლებელია, რომ მეც ან ჩემმა კოლეგებმაც გარკვეული ტიპის ტექნიკური შეცდომები დავუშვათ, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც ვაკეთებთ და საერთოდ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ახალგაზრდებს მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებთ.
ამან შეიძლება გარკვეული ტიპის მტკივნეულობა გამოიწვიოს იგივე აკადემიურ პერსონალთან, ჩემნაირ პროფესორებთან მიმართებით, მაგრამ მიზანმიმართულად წავალთ ამისკენ, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ახალგაზრდების სწავლება გავხადოთ გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი, ვიდრე აქამდე იყო.
ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ვანგარიშობთ, ვითვლით და ამ ნაწილში არ გეგონოთ, რომ რაიმე ზედაპირულია. რაც შეეხება რეფორმას, მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და ამ გუნდის წევრი, ვისაც გვევალება, რომ ეს განვახორციელოთ, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ 24-საათიან რეჟიმში, დღე და ღამე სკრუპულოზურად ვითვლით ყველა ნაბიჯს, რასაც ვაკეთებთ. არცერთი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ იცით რამდენი დეტალისგან შედგება, ვცდილობთ, რომ არ იყოს დარჩენილი ყურადღების მიღმა, შეცდომები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, ამიტომ ამ ყველაფერს დარწმუნებული ვართ, რომ ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
განათლების კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტით, იცვლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესთან და აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხები.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.




























