ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ სათვალეების მწარმოებელ კომპანია EssilorLuxottica-ში ინვესტირება გადაწყვიტა. ეს იტალიურ-ფრანგული $98-მილიარდიანი კონგლომერატი სათვალეების გლობალური ინდუსტრიის ტიტანია, რადგან ის ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა: Ray-Ban, Oakley, LensCrafters, Supreme, Persol და Crizal.
Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელ კომპანიას სათვალეების ბიზნესით დაკავება არ სურს და არც მარკ ცუკერბერგია გამორჩეული „ფეშენისტა“, თუმცა მისი მიდრეკილებები ფუტურისტული დისტოპიებისა და წარმოსახვითი სამყაროების მიმართ ყველასათვის კარგად ცნობილია.
ცნობილია, რომ ცუკერბერგი მეტავერსის შექმნას ცდილობს, რომელიც, უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ვირტუალური სამყაროა. მეტავერსით სარგებლობისათვის მომხმარებლებს სპეციალური ხელსაწყოები, ანუ VR/XR ჩაფხუტების სჭირდებათ, თუმცა მათი გამოყენება არაკომფორტულია.
არსებობს ალტერნატივა, რომელიც ჭკვიან სათვალეებზე გადის და ამ მიმართულებით Meta უკვე დიდი ხანია, რაც Ray-Ban-თან თანამშრომლობს. მათ უკვე გამოუშვეს ჭკვიანი სათვალის რამდენიმე ვერსია, რაც კომერციულად წარმატებული გამოდგა.
ვიზუალური თვალსაზრისით, ეს არის Ray-Ban-ის ტრადიციული სათვალე, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ისედაც უყვარს, ზედმეტი ფუნქციონალის გარეშეც კი. Meta-სთან თანამშრომლობით ამ სათვალემ რამდენიმე არატრადიციული აქსესუარი შეიძინა, მათ შორისაა: 12-მეგაპიქსელიანი კამერა, 36-საათიანი ბატარეა, დინამიკები, პროცესორი და ხელოვნური ინტელექტი.
სათვალის მეშვეობით ღილაკზე ერთი თითის დაჭერით მარტივადაა შესაძლებელი საკმაოდ მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტოს და ვიდეოს გადაღება. ამ მასალის განთავსება შემდეგ უკვე Meta-ს სოციალურ ქსელებში, Facebook-სა თუ Instagram-შიც უპრობლემოდ შეგიძლიათ.
Meta-ს ჭკვიან სათვალეს არ აქვს არც ეკრანი და არც პროექტორი, ანუ მისი დახმარებით ციფრული გამოსახულების ნახვა უბრალოდ შეუძლებელია. რეალურად, ინფორმაციის მიღება მხოლოდ სათვალის ხელოვნურ ინტელექტთან საუბრით არის შესაძლებელი, რომელიც პასუხს დინამიკის დახმარებით, ვერბალური გზით აბრუნებს. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, მომავალში ჭკვიან სათვალეს აუცილებლად ექნება გამოსახულების ჩვენების უნარი, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
მიუხედავად ამ შეზღუდვისა, პროდუქტის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ Meta-ს სათვალე შესანიშნავ ფოტოებს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონცერტზე, ზოოპარკში თუ სხვა სახის ღონისძიებაზე ყოფნისას აღარ იქნება საჭირო ტელეფონის კამერის გამოყენება, რადგან ცუკერბერგის მორიგი ქმნილება უზრუნველყოფს, რომ არცერთი „დასასთორი“ და „დასაპოსტი“ სანახაობა არ გამოგრჩეთ.
Meta-ს სათვალე Ray-Ban-ის ორი კლასიკური დიზაინით, 12 ფერშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი 300 დოლარიდან იწყება.
როგორც ჩანს, Meta-ს თანამშრომლობის გაღრმავება და პროდუქტის გაუმჯობესება სურს, ამიტომაც ის მზად არის, EssilorLuxottica-ს 5%-იანი წილი შეიძინოს და ამ გზით ის Ray-Ban-ის თანამფლობელი გახდეს.