მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

სს
03.11.26 21:07
• 178

"რატომ ხართ აქ? რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — ეს იმ კრიტიკული კითხვების ნაწილია, რაც მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში გამართულ, "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას ჰკითხეს. ინტერვიუს 'On.ge ავრცელებს.

დებატების ინტერვიუერმა ირაკლი კობახიძეს 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვა კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება.

"თქვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ეს არის თქვენი მისწრაფება და გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება. და მაინც, 2024 წელს თქვენ გადაწყვიტეთ შეგეჩერებინათ გაწევრიანების მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც, ალბათ, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც დამანგრეველი თქვენი ქვეყნისთვის. [...]

ახლა ამბობთ, რომ "მინდა აქ ვიყო და ვისაუბრო გაწევრიანებაზე და ამ დისკუსიებში მონაწილეობაზე", როდესაც ის თქვენ შეაჩერეთ, ეს თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება იყო?" — ჰკითხა ინტერვიუერმა კობახიძეს.

კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის 2022 წლის გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების განაცხადი არ დააკმაყოფილეს. კობახიძის თქმით, ეს ფაქტი "დაინტერესებულმა მხარეებმა", ანუ ოპოზიციამ "რევოლუციის დასაორგანიზებლად გამოიყენა", მაგრამ "ისინი საბოლოოდ დამარცხდნენ", რადგან საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღება მაინც შეძლო.

ინტერვიუერის განმეორებით კითხვაზე, თუ რატომ შეაჩერეს მოლაპარაკებები, კობახიძემ განაცხადა:

"განვმარტეთ, რომ თუ ევროკომისია გადაწყვეტდა საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავერთვებოდით. მაგრამ საბოლოოდ, ეს ჩვენ კი არ ვიყავით, არამედ ევროკომისია, რომელმაც 2024 წლის ივნისში გადაწყვიტა შეეჩერებინა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ეს მოხდა მანამ, სანამ ჩვენ გავაკეთებდით განცხადებას მოლაპარაკებების შესახებ", — განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუერის კითხვაზე, იყო თუ არა მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება კრიტიკულ ანგარიშზე პასუხი, კობახიძემ განაცხადა — "დიახ, ევროკომისიის ზოგადი, უსამართლო პოლიტიკის საპასუხოდ [მივიღეთ]".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ "ქართულ საზოგადოებას აქვს მაღალი ნდობა ზოგადად ევროკავშირის მიმართ, მაგრამ ევროკომისიის მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი". მან ასევე დასძინა, რომ ქართველ ხალხს მმართველი პარტიისადმიც მაღალი ნდობა აქვს.

ინტერვიუერმა ირაკლი კობახიძეს მრავალჯერ დაუსვა კითხვა, თუ როგორ აპირებს მმართველი პარტია ევროკავშირთან თანამშრომლობას. თავდაპირველად მან ევროკომისიის ანგარიშიდან მაგალითი მოიყვანა:

"საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია, იმ დროს, როდესაც სისტემატურად ეწევა მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკას. [...] საბოლოოდ, გადასინჯულმა საკანონმდებლო ჩარჩომ ძირი გამოუთხარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას."

ინტერვიუერმა შემდეგ კობახიძეს განუცხადა: "მიჭირს დავინახო, როგორ შეგიძლიათ აქ იჯდეთ და ამბობდეთ, რომ დიალოგის გახსნა გსურთ, როდესაც ეს ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა".

როდესაც პრემიერ-მინისტრმა ანგარიშს და ევროკომისიის წევრებს "ბიუროკრატები" უწოდა, ინტერვიუერმა ჰკითხა: "ეს 90-გვერდიანი ანგარიში ყალბია?"

შემდეგ მთავრობის მეთაურმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი დასავლეთთან დებატებია, რაზეც ინტერვიუერმა ჰკითხა, თუ როგორ მოხდება ამ დებატების წარმართვა იმის ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს ანგარიშში წარდგენილ რჩევებს და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ:

"რისი გაკეთებისთვის ხართ მზად ახლა? რადგან ამ მოცემულობით, შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იმდენი დებატი გამართოთ. ისინი გეუბნებიან: "ეს არის ჩვენი შეფასება. წლევანდელი ანგარიში ფუნდამენტურად არ შეიცვლება." რისთვის ხართ მზად რეალური დიალოგის აღსადგენად?" — ჰკითხა ინტერვიუერმა კობახიძეს.

კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირის წევრი ლიდერები და ვენეციის კომისია "სრულიად პოლიტიკურია" და მათ კვლავ ბიუროკრატები უწოდა. აღნიშნულ რეპლიკაზე კი მთავრობის მეთაურს ჰკითხეს:

"თუ ვენეციის კომისიაც ევროპელი ბიუროკრატებია, ევროკომისიაც და 27 ქვეყნის ლიდერებიც ამ ბიუროკრატიის ნაწილია, ბატონო პრემიერმინისტრებო, საერთოდ რატომ გსურთ ამ ევროკავშირში გაწევრიანება?“

რაზეც კობახიძემ უპასუხა — "რადგან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ისინი შეიცვლებიან".

დებატების განმავლობაში ინტერვიუერმა მრავალჯერ დაუსვა ირაკლი კობახიძეს კითხვა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს "ქართული ოცნება", თუ მათ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. საბოლოოდ კობახიძემ განაცხადა, რომ მათი გეგმა "ლაპარაკია".

ინტერვიუერი: "უბრალოდ მინდა გავოგო: რა არის თქვენი გეგმა? რადგან როცა გავიგე, რომ აქ მოდიოდით, ვიფიქრე: 'კარგი, მას ექნება რეალური გეგმა და გააკეთებს განცხადებას, რომ ბრიუსელში დაბრუნდა იმის სათქმელად: მოდით განვიხილოთ A, B, C და D.' რა არის A, B, C და D?"

კობახიძე: "დიახ, A, B, C და D არის ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი და ლაპარაკი. გეგმას ვერ შეიმუშავებ, თუ არ ილაპარაკებ."

კითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი პარტია გრანტების (გამჭვირვალობის) შესახებ კანონის უკან გაწვევას, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა საქართველოს სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და დასძინა, რომ ევროკავშირისგან ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს:

"კანონის შეჩერება არ არის წინადადება. ეს არის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. რადგან ჩვენ გვყავს საქართველოს პარლამენტი ღირსებით, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა — კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. და როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა, სუვერენულმა სუბიექტმა, უნდა შეაჩეროს კანონმდებლობა, ეს ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პრინციპს. აი ამაზე ვსაუბრობთ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს", — განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები