მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გვიანდება შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის მიღება?

63e6330fa8ef5
ელენე გოგბერაშვილი
11.02.23 23:20
905
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში შევიდა. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ, შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია.

დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტმა დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა, რასაც ბიზნესი არ ეთანხმება.

ერთ-ერთი, რის გამოც შეცვლილ დოკუმენტს კერძო სექტორი აკრიტიკებს, პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობაა. კერძოდ, მათი თქმით, სახეცვლილი დოკუმენტით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შეგროვებული ნარჩენი, რომელსაც გარკვეული ტიპის ღირებულება აქვს, მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რაც ბიზნესს არ აწყობს.

გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2-ში“ განაცხადა, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შეუთანხმებლობა არ არსებობს და მსჯელობა მიდის იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ნარჩენის სეპარირება, რომ შემდგომ იგი იმართოს.

"იმედი მაქვს, რომ მეორეული ავტომობილების საკითხზე ძალიან მალე მიიღებს მთავრობა დადგენილებას და 5 რეგლამენტთან მიმართებით მწარმოებლის გაფართოებული სისტემა ამოქმედდება ისე, როგორც ეს არის გაწერილი და უკვე ნაწილობრივ მოქმედებს.

რაც შეეხება შეფუთვის ნარჩენებს, აქ არ არის შეუთანხმებლობა მუნიციპალიტეტსა და ბიზნესს შორის, აქ არის საკითხის მარტივად გააზრების თემა. შეფუთვის ნარჩენი ვიღაცამ უნდა დაასეპარიროს, რომ ეს ნარჩენი არსებობდეს. ბევრად ადვილია აკუმულატორის შეგროვება, ვიდრე შეფუთვის ნარჩენის შეგროვება. შეფუთვის ნარჩენი ეს არის ჩვენი ნარჩენების 30%, რაც ნაგავსაყრელზე ხვდება. ვიღაცამ უნდა დაასეპარიროს ეს სახლშიც, ან ბიზნესმა ან მოქალაქემ, რომ ჩვენ პროდუქტი გვქონდეს. სხვანაირად გაუგებარი იქნება, რა უნდა შევაგროვოთ ან როგორ უნდა ვმართოთ.

მსოფლიო პრაქტიკა არის ისეთი, რომ მწარმოებელი ან იმპორტიორი დებს ფინანსურ ინვესტიციას იმაში, რომ მისი ნარჩენი იმართოს სწორედ. თვითონ ყიდულობს ავტომობილებს, ნაგვის ურნებს, ნაგავმზიდ მანქანებს, თუ ამ სერვისს სახელმწიფო ახორციელებს. ამაზე ვმსჯელობთ და ვმსჯელობთ იმ საკითხზე, როგორ ვიწყებთ სეპარირებას - მოსახლეობა იწყებს სახლში, მხოლოდ დიდი ქალაქები, დიდი ქალაქის რაღაც ნაწილები, სადაც სოფლები არ შედის, მაგალითად, თბილისს უამრავი შემოერთებული სოფელი აქვს, თუ ამას აკეთებს ჯერ ბიზნესი, ანუ ბიზნესი ასეპარირებს.

თბილისს უკვე დადგენილი აქვს ორი ურნის სისტემა. გვექნება ორი ურნა, ერთი სველი ნარჩენისთვის და მეორე მშრალი ნარჩენისთვის. ჩვენ გადავედით აქტიური მოლაპარაკების და შეთანხმების ეტაპზე და ვფიქრობთ, ძალიან მალე ზაფხულში გვექნება ნათელი სურათი, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას“, - განმარტავს მაია ბითაძე.

მისი თქმით, უნდა შემუშავდეს ისეთი მოდელი, რომ ბიზნესმა იმ ზომის ფინასური პასუხისმგებლობა აიღოს, რომელსაც რეალურად გაუმკლავდება.

„დღეს სახელმწიფო მილიონობით ინვესტიციას დებს ნაგავსაყრელების მოწყობაში, ნაგვის ურნების შეძენაში და ნაგავმზიდი მანქანების გამოცვლაში. ეს თავისი შინაარსით, ყველაფერი არის ბიზნესის ვალდებულება, იმიტომ რომ მათი წილი ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენისა შეფუთვის ნარჩენთან მიმართებით არის 30%. ანუ მთელი ინვესტიციის 30%-ის ხარჯი ბიზნესმა უნდა გაიღოს. ეს თანხა ბიზნესმა რომ გაიღოს, ფაქტობრივად, გაკოტრდება ბიზნესსექტორი, რადგან  ასტრონომიულ თანხებზეა საუბარი, რა ინვესტიციაც სახელმწიფოს მხრიდან იდება, მათ შორის სესხების კუთხით ამ ინფრასტრუქტურაში. ამიტომ ჩვენ ბალანსი უნდა შევიმუშაოთ, რომ ბიზნესის ფინანსური პასუხისმგებლობა იყოს ისეთი, რამდენსაც ისინი გაუმკლავდებიან და მეორეს მხრივ, მოვიფიქროთ მოდელი, როგორ ვასეპარირებთ ნარჩენებს“, - ამბობს ბითაძე.

საქართველოს შესაბამისი რეგლამენტის დროულ მიღებას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი ავალდებულებს. მაია ბითაძე ამბობს, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან არსებული ნაგავსაყრელები უკვე ვეღარ იტევს ნარჩენებს.

„სისტემა არის ზოგადად ძალიან რთული. სფერო არის ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას სჯობდა გადაწყვეტილება გადადებულიყო, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი სისტემის ეფექტიანობისთვის“, - ამბობს მაია ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები