ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროდუქტების პრეზენტაციას უმასპინძლა, რომლის სახელწოდება „ჩვენ, რობოტი“ (We, Robot) იყო. ცხადია, ეს სახელწოდება შთაგონებას ამერიკელი მწერლის, აიზეკ აზიმოვის „მე, რობოტიდან“ (I, Robot) იღებს, რაც გასაკვირი სულაც არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აზიმოვი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტიტანად ითვლება.
საინტერესოა, რომ Tesla-სა და „მე, რობოტს“ შორის პარალელები მხოლოდ სახელით არ შემოიფარგლება. ალბათ, გახსოვთ ამავე სახელწოდებით 2004 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს უილ სმითი ასრულებდა. Tesla-ს კრიტიკის საფუძველი სწორედ ეს ფილმი გახდა, რომლის კონცეპტუალურ დიზაინსა და Tesla-ს ახალ პროდუქტებს შორის მსგავსების უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია.
დავიწყოთ იმით, რომ ილონ მასკმა საზოგადოებას 3 ძირითადი პროდუქტი წარუდგინა:
- ავტონომიური სამარშრუტო ტაქსი Robovan;
- უპილოტო, ორკარიანი ტაქსი Cybercab;
- ჰუმანოიდი რობოტი Optimus.
სამივე ზემოხსენებული პროდუქტი საეჭვოდ ჰგავს 2004 წელს გადაღებულ ფილმში წარმოდგენილ მოწყობილობებს. მაგალითად, Optimus-ის ინსპირაციად მთავარი ანტაგონისტი რობოტი NS5 შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც დიზაინით იმდენად ჰგავს Tesla-ს რობოტს, რომ მის კონცეპტუალურ მამად ან მომავლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან „მე, რობოტში“ მოვლენები 2035 წელს ვითარდება, ანუ NS5 მომავლიდანაა, ხოლო Optimus-ი აწმყოა, რომელმაც დიზაინი NS5-ისგან ისესხა, ხოლო სახელი „ტრანსფორმერების“ მთავარი პერსონაჟისგან, ოპტიმუს პრაიმისგან.
„მე, რობოტსა“ და Tesla-ს შორის საეჭვო მსგავსება იკვეთება ორკარიან ტაქსისთან მიმართებითაც, რადგან Cybercab-ის დიზაინი, პროპორციები და დანიშნულება ზედმიწევნით იმეორებს Audi RSQ-ს კონცეპტუალური ავტომობილის ვიზუალს, რომელიც ფილმში მთავარი პერსონაჟის პირადი ავტომობილს როლს ასრულებს.
რაც ყველაზე უცნაურია, „მე, რობოტში“ Tesla-ს ყველაზე უჩვეულო პროდუქტის, Robovan-ის ანალოგიც კი მოიძებნება, რომელიც ფილმში სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის როლშია წარმოდგენილი და მისი დიზაინი იმდენად ჰგავს Robovan-ს, რომ ეს ყველაფერი ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს მოგვაგონებს.
ბუნებრივია, „მე, რობოტსა“ და „ჩვენ, რობოტს“ შორის პარალელები ადამიანებმა სწრაფადვე შეამჩნიეს და ინტერნეტში Tesla-ს დაცინვის მორიგი ტალღაც დაიწყო, რომელსაც „მე, რობოტის“ რეჟისორი ალექს პროიასი პირადად გამოეხმაურა და Tesla-ს ხელმძღვანელს ასე მიმართა: „ჰეი, ილონ, შეიძლება ჩემი დიზაინი უკან დამიბრუნო?“.
იურისტების შეფასებით, პროიასსა და მის გუნდს მარტივად შეუძლიათ Tesla-ს დიზაინის მოპარვისათვის უჩივლონ და ამ გზით დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღონ. მოუწევს თუ არა ილონ მასკის კომპანიას მორიგ სასამართლო დავაში ჩართვა, ჯერჯერობით, უცნობია.