ელექტრომობილების ინდუსტრიის ჩინური გიგანტის, BYD-ს საბაზრო შეფასება ბოლო რამდენიმე თვეა მკვეთრად ეცემა.
მაისის თვიდან დღემდე კომპანიამ $60 მილიარდის კაპიტალიზაცია დაკარგა, რაც ინვესტორების მხრიდან BYD-ს შედეგებით უკმაყოფილებითაა განპირობებული.
კერძოდ, 2025 წლის მეორე ნახევრიდან დღემდე კომპანიის მიერ წარმოებულ მანქანებზე მოთხოვნა ჩინეთის ბაზარზე შემცირებულია.
ამის გამომწვევი მიზეზი, ერთი მხრივ, გაზრდილი ადგილობრივი კონკურენციაა, მეორე მხრივ კი ჩინურ საზოგადოებაში ელექტრომობილების შესყიდვის მიმართ სურვილი კლება. დამატებითი გამოწვევა, რაც BYD-ის წინაშე ბოლო 6-8 თვეა დგას, უკავშირდება სპილენძისა და ლითიუმის, ასევე იმ სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების ფასების ზრდას, რის გარეშეც ელექტრომობილების აწყობა შეუძლებელი იქნება. BYD-ს მიმართ ჰონკონგის ბირჟაზე ინტერესი შეამცირა იმანაც, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანიისთვის გამოყოფილი სუბსიდიების მოცულობა შეამცირა.
ელექტრომობილების ჩინურ გიგანტს განსაკუთრებით ცუდი შედეგები იანვარში ჰქონდა, რადგან ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრდა. ამან ინვესტორებს გაუჩინა განცდა, რომ BYD-მ მოთხოვნადობა, შესაბამისად, მოგებიანობა დაკარგა. შესაბამისად, დაიწყო კაპიტალიზაციის სხვა, უფრო წარმატებულ კომპანიებში ან სხვა ინდუსტრიებში გადატანა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩინური ავტომწარმოებლისთვის გაცილებით უკეთესი სურათია საზღვარგარეთ, სადაც კომპანია არამარტო ადგილობრივი, არამედ ამერიკული ბრენდების ჩანაცვლებასაც ახერხებს. თუმცა თუ დასავლურ მსოფლიოში მიმდინარე ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს გავითვალისწინებთ, როგორიცაა ევროკავშირის მიერ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე დაწესებული შეზღუდვის გადახედვა, სავარაუდოა, რომ BYD-ს საერთაშორისო ბაზარზეც შეექმნება გამოწვევები. ევროკავშირი ჩინური გიგანტისთვის გაყიდვების ერთ-ერთი მთავარი ბაზარია.




























