ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ისრაელური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი - Q.ai შეისყიდა, რაც კომპანიის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი გარიგებაა.
ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ტექნოლოგიას რაც შეეხება, Q.ai-მ შეიმუშავა ინოვაციური მეთოდი, რომელიც სახის კუნთების მიკრო-მოძრაობების ანალიზით „ჩუმ მეტყველებას“ შიფრავს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეეძლება Siri-ს ან სხვა AI ასისტენტს ბრძანებები ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ან ჩურჩულით მისცეს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხალხმრავალ ადგილებში კონფიდენციალურობის დასაცავად.
გარდა ამისა, კომპანიის ალგორითმები უზრუნველყოფენ ხმის ხარისხის გაუმჯობესებას ხმაურიან გარემოში და ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობას ვიზუალური ნიშნების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ Q.ai-ს დამფუძნებელი, ავიად მეიზელსი Apple-ისთვის კარგად ნაცნობი პარტნიორია, რადგან სწორედ მის მიერ ადრე შექმნილი კომპანია PrimeSense-ი გახდა ტექნოლოგიური საფუძველი Face ID-ის სახელით ცნობილი ფუნქციონალისა.
ახალი გარიგების ფარგლებში, Q.ai-ის მთელი გუნდი, მათ შორის 100-მდე წამყვანი ინჟინერი, Apple-ის აპარატურული ტექნოლოგიების დეპარტამენტს შეუერთდება, რომელსაც ჯონი სრუჯი ხელმძღვანელობს. მოსალოდნელია, რომ Q.ai-ის ტექნოლოგიური ინოვაციები AirPods-ის მომავალ მოდელებსა და Vision Pro-ში 2027 წლისთვის გამოჩნდება, რაც Apple-ს უხილავი ინტერფეისის შექმნის საშუალებას მისცემს.




























