მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იყიდება სოციალური საწარმოს პროდუქცია პრაქტიკულად თვითღირებულებით? - ლია ასანიშვილი გამოწვევებზე

სოციალური საწარმო

სოციალური საწარმო „გახდი ჩემი მეგობარი“ ამტკიცებს, რომ ბიზნესი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მოგებაზე, არამედ ადამიანების გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ორიენტირებული. ამის შესახებ სოციალურმა თერაპევტმა, სანთლების სახელოსნოს ხელმძღვანელმა და კავშირის გამგეობის წევრმა ლია ასანიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

ორგანიზაციის ისტორია 1990 წლიდან იწყება, როდესაც „სოციალური თერაპიის სახლი“ დაარსდა. ინიციატივის მიზანი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა იყო იმ პერიოდში, როდესაც მათი ხილვადობა და ინტეგრაცია პრაქტიკულად არ არსებობდა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერში საუბრობს, საწყის ეტაპზე საქმიანობა მცირე ჯგუფით და მინიმალური რესურსით დაიწყო და სასწავლო დანიშნულება ჰქონდა, თუმცა ეტაპობრივად გაფართოვდა როგორც სერვისების, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, დღეს ორგანიზაციას უკვე 54 ზრდასრული ბენეფიციარი ჰყავს.

"ახალგაზრდა ფსიქოლოგებმა, დავიწყეთ ეს საქმე, რადგან გვინდოდა, ადამიანები არ ყოფილიყვნენ დამალულები ოჯახებში. თავიდან ბინა-ბინა დავდიოდით, მშობლები არ გვენდობოდნენ. ვაწყობდით ჩაის სუფრას, ვკითხულობდით, ვთამაშობდით... ასე შეიკრიბა პირველი 5 ადამიანი.

ამჟამად, სახელოსნოში 8 მიმართულება ფუნქციონირებს : თექის, სანთლების, სადურგლო, მეორადი ქაღალდის, სტამბა-სამკინძაო და სხვა. მოდელი ეფუძნება ე.წ. "ტრიალურ მეთოდს", რომელიც შრომით და ხელოვნებით თერაპიასა და სოციალურ ინტეგრაციას აერთიანებს. თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად მზადდება - განსხვავებული ფერით, ფორმითა და დიზაინით", - თქვამ მან.

მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ბევრი გამოწვევა ჰქონდათ, მათ შორის წარმოების მიმართულებით. თუმცა, სასწავლო სივრცე ეტაპობრივად გადაიზარდა საწარმოო მიმართულებაში და ამ დროისათვის, ობიექტის საწარმოო სიმძლავრე, კვირაში 200 სანთელს შეადგენს.

“სანთლების წარმოება ტექნოლოგიურად გამართულია, თუმცა პროცესი შრომატევადია. ამჟამად, სახელოსნოს წარმადობა კვირაში დაახლოებით 200 სანთელია (დღეში 40 ცალი). პროდუქცია ფაქიზია და განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს – მგრძნობიარეა ტემპერატურისა და განათების მიმართ. შესაბამისად, პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო დიდ მოცულობებს ვერ ვაწარმოებთ. საწარმო კორპორატიულ შეკვეთებსაც იღებს, თუმცა მცირე წარმადობის გამო მასშტაბურ, მოკლე ვადაში შესასრულებელ შეკვეთებს ვერ აკმაყოფილებს.

საწარმოს პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება სადღესასწაულო პერიოდში – საახალწლოდ, Secret Santa-ს აქციებისთვის, საქორწილო და დაბადების დღის შეკვეთებისთვის. პროდუქციაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაშინ იზრდება, როდესაც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობთ", - ამბობს ასანიშვილი.

როგორც თავად ამბობს, ფასები ხელმისაწვდომია – სტანდარტული დეკორატიული სანთელი, რომელიც დაახლოებით 38 საათი იწვის, 10 ლარი ღირს, ხელით მოხატული ვარიანტი კი – 12 ლარი. როგორც ასანიშვილი განმარტავს, პროდუქცია პრაქტიკულად თვითღირებულებით იყიდება, რადგან ორგანიზაცია მოგებაზე არ არის ორიენტირებული.

„ყველა შემოსული თანხა ხმარდება ბენეფიციარების საჭიროებებს – ტრანსპორტს, პროდუქტს, კომუნალურ გადასახადებს. ვიბეგრებით როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი და არ გვაქვს შეღავათები. ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებებს ამასთან დაკავშირებით“, – ამბობს ის.

ლია ასანიშვილის შეფასებით, სახელმწიფო მხარდაჭერის შემთხვევაში მსგავსი მცირე სახელოსნოები შეიძლება გამრავლდეს, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს დასაქმებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები