მთავრობის გადაწყვეტილებით, 3-12 მაისს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით BM.GE-მ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ჰკითხა - რატომ მიიღო საბჭომ ეს გადაწყვეტილება და ფიქრობენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ამით გარკვეულწილად ბიზნესის მუშაობაც იზღუდება, ვინაიდან მომხმარებელს სავაჭრო ობიექტებში (მაგალითად "ლილოში") მისვლა მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით შეუძლიათ, რაზეც თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ მოტივაცია მობილობის შემცირება იყო.
„მთავარი ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეპიდემიოლოგიური ინტერესებია. დღეს არსებული იმ საყურადღებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს გარკვეულ ფარგლებში მობილობის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლოა საჭირო გახდეს. მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვაც ამ მიზანს ემსახურება.
უქმე დღეებში მობილობის შეზღუდვის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ 11 მაისის შემდეგ უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონდეს და უფრო ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე არ მოგვიხდეს დაბრუნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.