იაპონიას კულტურის, ისტორიისა და ტექნოლოგიების გარდა, ეკონომიკაც გამოარჩევს. მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად გაზრდილი განაკვეთების ფონზე, იაპონიაში რეფინანსირების განაკვეთი 0-პროცენტიან ნიშნულზეა, ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება, ინფლაციაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემად რჩება, ქვეყანა კი რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს საერთაშორისო ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფო სწორედ იაპონიაა. მიმდინარე კვირას ფლაგმანურმა NIKKEI-ს ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 30%-ია, ბოლო ერთ თვეში კი ინდექსის მოცულობა 7.5%-ით გაიზარდა.
როგორც გითხარით, ეკონომიკურად ქვეყანა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, თუმცა საფონდო ბირჟა მკვეთრად იზრდება - როგორ ახერხებს იაპონია ამ ყველაფერს ერთდროულად? - დღეს სწორედ ამ შეკითხვაზე შევეცდებით პასუხის გაცემას.
დავიწყოთ იმით, რომ იაპონია მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ქვეყანას გამოარჩევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც თითქმის 35,000 დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების რეკორდულად ზრდის მიუხედავად, იაპონიაში წლიური ინფლაციის დონე 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია. რაც ყველაზე მთავარია, იაპონიას უნიკალური მონეტარული პოლიტიკაც გამოარჩევს, უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 0%-ია. თავად ეს მოცემულობა ძალზედ უცნაურია, რადგან ამერიკაში რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-ს შეადგენს, ევროკავშირში 4 პროცენტს, საქართველოში კი - საერთოდაც 8 პროცენტს.
იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს განჭვრეტად მომავალში მონეტარული პოლიტიკის გადახედვა არ არის დაგეგმილი და მაღალი შანსია იმისა, რომ განაკვეთი კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზეც უცვლელად დარჩება. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციების და ობლიგაციების შესყიდვების სტრატეგიას გამოიყენებს, რათა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი შენელდეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა, რაც სწორედ ცენტრალური ბანკის უმოქმედობითაა განპირობებული, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკები განაკვეთებს ისტორიულად მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებენ.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.
ახლა კი ისევ იაპონურ სასწაულს რომ დავუბრუნდეთ, ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია, კანონმდებლობა მკაფიოა, საფინანსო სისტემა განვითარებულია, ქვეყანა კი პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად სტაბილურია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასული 20 წელი იაპონური საფონდო ბირჟებისთვის სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა. იაპონიის პრობლემა ისაა, რომ ის უკვე ზედმეტად განვითარებულია, მისმა კომპანიებმა კი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად უკვე მიაღწიეს მაქსიმუმს, ამიტომაც სამომავლო ზრდის პროგნოზებიც კონსერვატიულია. იაპონიის საფონდო ბირჟამ მაქსიმუმს 1989 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი ბირჟაზე ფაქტობრივი სტაგნაცია იყო. შედარებისთვის, ამ პერიოდში ამერიკული და ჩინური ინდექსები ფაქტობრივად გაათმაგდა.
ამჟამად ვითარება განსხვავებულია, იაპონური საფონდო ბირჟა აღმასვლას იწყებს, თანაც საკმაოდ მკვეთრს. ძირითადმა საფონდო ინდექსმა უკვე მიაღწია 33-წლიან მაქსიმუმს და ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლომდე ის 1989 წლის რეკორდსაც მოხსნის. 2020 წლის პანდემიურ მინიმუმთან შედარებით, იაპონური ბირჟა თითქმის 65%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
თითქმის ერთ თვეში გლობალურმა ინვესტორებმა ამომავალი მზის ქვეყანაში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დააბანდეს და ეს მაჩვენებელი თითქმის ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება.
იაპონიის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდას კიდევ ერთ უცნაური გარემოება განაპირობებს, რაც ჩინეთიდან კაპიტალის გადინებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ჩინეთში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, ინვესტორებს ქვეყნიდან თანხის გატანა და სხვა აზიურ სახელმწიფოში დაბანდება სურთ, ერთ-ერთი საუკეთესო არჩავნი კი იაპონიაა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმასთვსი, რომ საერთაშორისო ინვესტორები მიიზიდოს.