მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება ოქროს ფასი რეკორდულად?

Goldd

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,940 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და "სავაჭრო ომის" გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ზემოხსენებული საუბარი ოქროს ინვესტორებს იმედის მომცემად არ მიუღიათ და მათ ეჭვი აქვთ, რომ ომი კიდევ გაგრძელდება.

როგორც წესი, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

ზოგადად, ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ბირჟაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელს, ანუ ოქროს კონტრაქტს მოვიაზრებთ.

ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება.

ოქროს მორიგი უპირატესობა ინფლაციას უკავშირდება. ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოქრო თავის მსყიდველობით უნარს და ღირებულებას მაშინაც კი ინარჩუნებს, როდესაც ინფლაციის დონე მკვეთრად იზრდება.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები