მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება საჰაერო გადაზიდვები - Geo Sky-ის შეფასება

ტვირთები

საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთების მოცულობამ 172.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

III კვარტალში კი საჰაერო გზით 69.6 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

კერძო სექტორის წარმომადგენლები გაზრდილ ტვირთბრუნვას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. როგორც BMG-სთან ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ავიაგადაზიდვების ზრდის ტენდენცია რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის, ელექტრონული კომერციის და ახალი პლატფორმების განვითარებით.

შალვა კიკნაძის თქმით, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების დიდი ნაწილი ტრანზიტულია და ძირითად მოთხოვნას ჩინეთიდან ევროპისა და აშშ-ის მიმართულებით წამოსული ტვირთები ქმნის.

„პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩინეთის მთელმა რიგმა ქარხნებმა სრული მასშტაბით ფუნქციონირება დაიწყეს. ამას დაემატა ახალი პლატფორმები, მაგალითად, როგორიცაა TEMU, რამაც ზოგადად ტვირთების მოცულობის ზრდა განაპირობა. აქ ძირითადად საუბარია ჩინეთიდან ევროპისა და ამერიკის მიმართულებით წამოსულ ტვირთებზე. შესაბამისად, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით ავიაკომპანიებმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დაიწყეს.

ჩვენი კომპანიის, „ჯეო სქაის“ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ავიაკომპანიამ ფლოტს ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი უკვე დაამატა, BOING 767 ტიპის. მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ერთ კიდევ ერთ ანალოგიური ტიპის საჰაერო ხომალდს დავამატებთ. მოლოდინია, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საჰაერო ტვირთების მოცულობა, რადგან სწორედ ზამთრის პერიოდში აქტიურდება ხოლმე გადაზიდვებზე მოთხოვნა“, - განაცხადა შალვა კიკნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები