მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება საქართველოში კარტოფილის იმპორტი, ექსპორტის მასშტაბური ზრდის პარალელურად?

კარტოფილი

კარტოფილის ექსპორტი 2025 წელს წლიურად 262%-თ გაიზარდა.ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანამ 27.3 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების 82 533 ტონა კარტოფილი გაყიდა. მოცულობაში ზრდა თითქმის 136% იყო.

ბაზრის მოთამაშეები პროდუქციის ექსპორტის მასშტაბურ ზრდას რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მეზობელ ქვეყნებში მოსავლის სიმცირემ ქართულ კარტოფილზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. მათივე ინფორმაციით, გაიზარდა კარტოფილის სათესი ფართობებიც და მოსავალიც გაორმაგებული იყო.

“ჩვენმა ფერმერებმა დაიწყეს მასობრივად ევროპიდან შემოტანილი თანამედროვე ჯიშის სათესლე მასალის შემოტანა, რაც ,რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში მოსავლის რაოდენობრივი ზრდის და ეფექტიანად მოყვანის ძირითადი საშუალება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან როდესაც იყო უხვმოსავლიანი პერიოდი,2024-2025 წლის მოსავალი მაქვს მხედველობაში, ამ დროისათვის რუსეთის ფედერაციაში იყო კატასტროფულად ცუდი ამინდები და შესაბამისად მათ შიდა ბაზარზე ძალიან დიდი დეფიციტი გაუჩნდათ, თორემ ზოგადად რუსეთი არ არის კარტოფილის იმპორტიორი ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება სტაბილურ ბაზრად ჩაითვალოს.ჩვენთვის სტაბილური ბაზარი არის აზერბაიჯანის ბაზარი, აზერბაიჯანი მოიხმარს იმპორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობით კარტოფილს.”- ამბობს „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ექსპორტის ზრდის პარალელურად საქართველოში იმპორტიც გაორმაგდა. 2025 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში 2.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და 8 768 ტონა კარტოფილი შემოვიდა. შედეგად, იმპორტი ღირებულებაში 49.5%-ით, ხოლო მოცულობაში 44.8%-ით გაიზარდა.

კომპანია “მზიანი მოსავლის” დირექტორი ირაკლი ქურდაძე ამბობს, რომ საქართველოში კარტოფილით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 95%-ს კი აჭარბებს, თუმცა იმის გამო რომ პროდუქციის შენახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ადრეულ გაზაფხულზე იმპორტის საჭიროება დღის წესრიგში მაინც დგება ხოლმე.

“პირველი პრობლემა, რაც კარტოფილის მწარმოებლებს შეიძლება აწუხებდეთ, ეს არის, რა თქმა უნდა, იმ ყველა კომპონენტის, ღირებულება, რაც შედის თვითღირებულებაში - ეს არის საწვავი, ეს არის პესტიციდები, ეს არის სასუქები და ასე შემდეგ. ამას მოჰყვება უკვე შესანახი მეურნეობები, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკული რგოლია იმისათვის, რომ ჩვენ მიღებული მოსავალი შესაბამის პირობებში დავაბინავოთ და შევძლოთ არა მარტო ადგილობრივი ბაზრის მომარაგება, გრძელვადიანად, ასევე ვიმუშაოთ ექსპორტზე.

ამ კუთხით, გვაქვს პოტენციალი რომ გავზარდოთ მოსავალი, შევქმნათ, განვავითაროთ სპეციალიზებული კარტოფილის სამაცივრე მეურნეობები და შემდეგ უკვე მოთხოვნის შესაბამისად უნდა დავაკვირდეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. მარტო ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებული ფასის ფორმირებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რა მოსავალი მოვა რუსეთში, რა მოსავალი მოვა თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. სასურსათო ბალანსიც ნაწილდება ამის მიხედვით.

თუ არის 70 თეთრი საშუალო კარტოფილის ღირებულება ახალქალაქში, როცა მოსავალს ვიღებთ, ეს შეიძლება, იმის გამო რომ რუსეთში დიდი მოთხოვნაა იმპორტზე, გახდეს ლარი, ლარი ოცი. ამ დროს ფერმერი სარგებლობს და ეს ერთგვარი გამოწვევაც არის, რომ ყოველი წელი იმ მოლოდინით იწყება თუ როგორი მოსავალი ექნება მეზობელს და როგორ ფორმირდება ფასი. შესაბამისად, ფერმერმა შეიძლება ძალიან იხეიროს ერთ წელს და მეორე წელს გავიდეს მინუსში.”- ამბობს “მზიანი მომავლის” დირექტორი ირაკლი ქურდაძე.

„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანსაღი პროდუქცია ქვეყნიდან გადის ექსპორტზე, ხოლო დაბალხარისხიანი იმპორტით შემოდის, რაც რისკებს როგორც მოსახლეობას, ისე დარგს უქმნის.

"ჩვენთან შემოდის შედარებით ნაკლებხარისხიანი თურქული პროდუქცია, რომელიც გაჯერებულია პესტიციდებით და სხვა ისეთი საშუალებებით, რომელიც შესაძლებელია იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე. ეს შეიძლება რისკებს შეიცავდეს არამარტო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ის კარტოფილი, რომელიც თურქეთიდან შემოდის, შესაძლებელია შეიცავდეს საკარანტინო მავნებელსაც და შემდგომში ადგილობრივ ფერმერებს შეუქმნას პრობლემა.

ჯანსაღი პროდუქცია გადის ქვეყნიდან მაშინ, როდესაც შედარებით დაბალხარისხიანი შემოდის მეზობელი ქვეყნიდან. ეს გარკვეული პარადოქსია, თუმცა ჩვენთან, როგორც ჩანს, შესაბამისი რეგულაციები ჯერ კიდევ არ არსებობს ისეთი, რომ საზღვარზევე მოხდეს შეფერხება იმ პროდუქციის, რომელიც ჩვენს ადგილობრივ ფერმერებს და ჩვენს მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს.”-„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

გასულ წელს, კარტოფილის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო. აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში შემოვიდა 6 705 ტონა კარტოფილი, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ დოლარი შეადგინა. თურქეთის შემდეგ უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ ეგვიპტე და აზერბაიჯანი.

ფერმერების ნაწილის მოლოდინია, რომ ბაზარზე ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც 2025-ში დაფიქსირდა. ამის პარალელურად არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდის გათვალისწინებით, იმპორტი ქვეყანას კიდევ დასჭირდეს.

“ამ ტენდენციის შენარჩუნება, ანუ ექსპორტის იგივე პროცენტულობით ზრდა არა მგონია გაგრძელდეს, მაგრამ სავარაუდოდ ადგილზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ წელსაც გვექნება იმპორტი. იმიტომ რომ ახლა აქ ახალქალაქში კი არის რაღაც რაოდენობა კარტოფილის დარჩენილი, მაგრამ როგორც ყოველთვის, ყველას მოლოდინი აქვს, რომ შეიძლება გაზაფხულის უკვე მიწურულს, , მარტ-აპრილში კიდევ მოხდეს ფასის აწევა. ბევრი ინახავს ამ იმედით და ფასის ზრდა გვაქვს უკვე. მაგალითად დეკემბრის თვეში ადგილზე ფასი იყო 80-90 თეთრის ფარგლებში და დღეს უკვე ფასი დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი. ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა ფასის მატების, მოლოდინი არსებობს იმის, რომ იმპორტით კარტოფილი ისევ შემოვიდეს.”-აცხადებს ფერმერი ილია ყავრელიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები