მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მცირდება ჩინეთის ეკონომიკის ზრდა? - 5 მიზეზი

633d6d205be8c
თათია კაკიაშვილი
09.10.22 00:00
1118
ჩინეთის ეკონომიკა ნელდება - ქვეყანა ე.წ. “ნულოვან კოვიდ სტრატეგიას” და გლობალური მოთხოვნის შესუსტებას ფაქტობრივად, შეეგუა. ჩინეთის მშპ-ის მიმდინარე მაჩვენებლები მომავალ კვირას გაცხადდება. თუ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა შემცირდება, ქვეყნის გლობალური რეცესიის შანსები გაიზრდება… 

მართალია, ქვეყანას აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია არ აწუხებს, მაგრამ ჩინეთს განსხვავებული პრობლემები და გამოწვევები აქვს - “მსოფლიო ქარხანას” მოულოდნელად სარეალიზაციო პროდუქციისთვის ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ეკონომიკის ზრდას აფერხებს პერმანენტული სავაჭრო დაძაბულობაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის. შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იუანი დოლართან მიმართებით მკვეთრად დაბალ მაჩვენებელზეა. სუსტი ვალუტა კი ინვესტორების მთავარი გამოწვევაა, რაც ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის და ნდობას ამცირებს.

და მაინც, რა არის ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელების მთავარი მიზეზები? BBC ხუთ მიზეზზე წერს.

მიზეზი 1 - "ნულოვანი კოვიდსტრატეგია"

კორონავირუსის გავრცელება რამდენიმე ქალაქის საწარმოო ცენტრებში განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ეკონომიკურ აქტივობას. შედეგად, ხალხი ფულს არ ხარჯავს ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიებში, როგორებიცაა საკვები და სასმელი, საცალო ვაჭრობა ან ტურიზმი, რაც ძირითად სერვისებზე ზეწოლას ზრდის. ჩინეთის ხელისუფლებას ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს - მთავრობა ფულს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯავს. თუმცა, წარმოება არ ფართოვდება, ქარხნების აქტივობა დაბალია და არც მოთხოვნა-მიწოდებაა დაბალანსებული. მზარდი მსოფლიო ინფლაცია და რუსეთ-უკრაინის ომი კი საექსპორტე მოცულობებს თვიდან თვემდე ამცირებს. ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ოფიციალურ პეკინს ეკონომიკის სტიმულირებისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, თუმცა ნულოვანი კოვიდსტრატეგია მთავარ შემაფერხებელ ბარიერად რჩება.

მიზეზი 2 - მთავრობის არასაკმარისი ძალისხმევა

აგვისტოში ოფიციალურმა პეკინმა მცირე ბიზნესის, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების ინდუსტრიების გასაძლიერებლად $203-მილიარდიანი გეგმის ამოქმედება დააანონსა. თუმცა, მთავრობას მეტი რესურსი აქვს, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ზრდის შესაძლებლობას, სასესხო პირობების შემსუბუქებას იპოთეკარებისთვის, უძრავი ქონების დეველოპერებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოჯახებისთვის.

მიზეზი 3 - ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარი კრიზისშია

უძრავი ქონების სუსტმა აქტივობამ და სექტორში ნეგატიურმა განწყობებმა ეკონომიკის ზრდა უდავოდ შეანელა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, რადგან უძრავი ქონების ინდუსტრია ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს. იპოთეკარებს დაუსრულებელ მშენებლობებზე იპოთეკის გადახდა არ სურთ და ეჭვი შეაქვთ, რომ მათი სახლების მშენებლობა ოდესმე დასრულდეს. შედეგი ისაა, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც სამშენებლო მასალების იმპორტის საჭიროება შეასუსტა. უძრავი ქონების ბაზრის გასაძლიერებლად პეკინს მცდელობები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბინების ფასები 20%-ით შემცირებულია. ფაქტია, ჩინეთის უძრავი ქონების გიგანტი კომპანიის „ევერგრანდის“ კრიზისი, მძიმე ექოდ გაჰყვება ადგილობრივ ბაზარს.

მიზეზი 4 - კლიმატური გამოწვევები და ინდუსტრიალიზაცია

ჩინეთის ინდუსტრიებზე ერთ-ერთი მთავარი გავლენა კლიმატურ ცვლილებებს აქვს. აგვისტოში ძლიერმა სიცხემ, რასაც გვალვა მოჰყვა, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ყველაზე მეტად დააზარალა. ხოლო კონდიციონერზე მოთხოვნის მატებამ ელექტროენერგიის დიდი ოდენობის გახარჯვა გამოიწვია რეგიონში, რომელიც თითქმის მთლიანად ჰიდროენერგიაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მსხვილი მწარმოებლები: Apple, Foxconn-ი და Tesla, იძულებული გახდნენ, სამუშაო საათები შეემცირებინათ ან ზოგიერთი საწარმო საერთოდ დაეხურათ. ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს აგვისტოს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ რკინისა და ფოლადის ინდუსტრიაში მოგება 80%-ზე მეტით შემცირდა.

მიზეზი 5 - ჩინეთის ტექნოგიგანტები ინვესტორებს კარგავენ

Tencent-მა და Alibaba-მ 2022 წლის მესამე კვარტალში შემოსავლის ვარდნის შესახებ განაცხადეს - Tencent-ის მოგება 50%-ით შემცირდა, ხოლო Alibaba-ს წმინდა შემოსავალი განახევრდა. ათიათასობით ახალგაზრდა დასაქმებულმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ეს ნიშნავს, რომ ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, სამუშო კრიზისიც დაემატა. ჩინეთში 16-დან 24 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის პროდუქტიულობას და ეკონომიკურ ზრდას საფრთხის ქვეშ აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები