მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მოიწვევს პარლამენტი წარმოების და რითეილის ფასების შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტებს - შოთა ბერეკაშვილის პასუხი

ბერეკაშვილი

პარლამენტის ფასების კომისიის ხელმძღვანელის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტები რითეილის და სურსათის წარმოების სექტორში სრულ ჯაჭვს შეაფასებენ და დადებენ ობიექტურ დასკვნას იმის თაობაზე თუ ფაქტორები რა განაპირობებს არსებულ ფასებს სურსათზე. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ცნობილი დღეს გახდა, როგორც ბერეკაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანია რომ საპარლამენტო ფორმატთან ერთად საკითხი დეტალურად იქნეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შესწავლილი.

"ყოველთვის კარგია და ჯანსაღია, როდესაც არსებობს პარალელური პროცესი, რომელიც ალტერნატიულ შეფასებას გაძლევს. ქეშბექი არის ერთი კომპონენტი და ჩვენ გვინდა კომპლექსური მიდგომა, რომლითაც თითოეული მხრიდან სწორად მივუდგებით და სხვა შედეგს მივიღებთ. ჩვენ თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ქეშბექზე, მივიღებთ ქეშბექის ჩანაცვლების შედეგს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება, ნეგატიური აღმოჩნდეს. აქ საუბარი არის, რომ ამ საერთაშორისო კომპანიის მოწვევა შესაძლებელს გახდის, რომ გარედან დავინახოთ პროცესები"- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ამასთან, დღევანდელი სხდომის შემდეგ, ბერეკაშვილმა აღნიშნა რომ გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი, რაც ფასების ზრდას განაპირობებს, ესენია ადგილობრივი მწარმოებლების ნედლეულში იმპორტის მაღალი წილი, სხვადასხვა სახის ქეშბექი საცალო ქსელებში შესასვლელად, ასევე დაგვიანებული გადახდები, რეალიზატორთა მიერ მაღალი ძალაუფლების გამოყენება და სხვა ფაქტორები.

"წარმოების ნაწილს რაც შეეხება, მწარმოებელთა დიდი ნაწილი ნედლეულში იმპორტდამოკიდებულია და ეს ქმნის იმპორტის ინფლაციის წნეხს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალი საოპერაციო ხარჯები, ეს ნიშნავს გაყიდვების და მარკეტინგის ხარჯებს, ესაა ქეშბექი და ქსელში შესვლის გადასახადი და ასე შემდეგ. ასევე არის ასიმეტრიული ურთიერთობების პრობლემა, რადგან ჯაჭვში რომელშიც მწარმოებელი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი, რეალიზატორს აქვს უფრო მეტი ძალაუფლება. სამუშაო იქნება ამის დაბალანსება და ის, რომ კონკურენცია გავხადოთ უფრო ჯანსაღი და ამ ჯანსაღ კონკურენციაში უკეთეს ფასს მიიღებს ჩვენი მომხმარებელი.

არის ასევე დაგვიანებული გადახდების პრობლემა, როდესაც ბიზნესი დროულად ვერ იღებს გაყიდვების შემოსავალს მან უნდა დააფინანსოს ხარჯები სხვა წყაროებიდან და ეს აისახება საბოლოო ღირებულებაზე,"- განაცხადა ბერეკაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ფასების კომისიაში რძის, ქათმის და კვერცხის მწარმოებლებს უსმენდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები