მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს პარალელური პროცესია" - როგორ იმუშავებს საერთაშორისო კომპანია სურსათის ფასებზე?

შოთა ბერეკაშვილი

საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში სურსათის ფასწარმოქმნას შეისწავლის, საპარლამენტო კომისიის პარალელურად და მისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მოწვევის ინიციატივა თავად ბერეკაშვილს ეკუთვნის. როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განმარტა, მიზანია ერთი მხრივ პროცესის გარედან შეფასება და ასევე, სექტორულ კონტექსტში საქართველოს მსგავს ქვეყნებთან შედარება.

"ეს არის პარალელური პროცესი. პირველ რიგში ჩვენ პროცესს მივყვებით ანალიტიკურად, გვყავს ძალიან კომპეტენტური გუნდი, მაგრამ პარალელური პროცესი არასოდეს დამაზიანებელი არ არის, იმიტომ რომ როდესაც სექტორზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ეკონომიკის 20%, ჩვენ გვინდა, რომ სწორი გადაწყვეტილებებზე მივიდეთ.

როდესაც პარალელურ შემოწმებას აკეთებს, ეს პროცესს აჯანსაღებს და კარგია, იმიტომ რომ საქართველოს შიგნით დანახული პროცესები, შესაძლებელია, რაღაც ნაწილში განსხვავდებოდეს გარე ექსპერტის მიერ შეფასებისგან. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მხრიდან შევხედოთ საკითხს, საკითხი გადავწყვიტოთ კომპლექსურად, არ გადავწყვიტოთ ეს კონკრეტული ერთი პროდუქციის, ასე ვთქვათ მარტივად რომ ვთქვათ, გაიაფებით, არამედ გადავწყვიტოთ კომპლექსურად. ისე, რომ კორექცია მივიღოთ ერთდროულად კლებისკენ მთლიანად სექტორში. ეს ერთი მხრივ მოგვცემს, რომ ერთეულის ფასი შემცირდება, თუმცა საბოლოო ჯამში რეალიზაციის რაოდენობა გაიზრდება, ანუ სექტორი გაჯანსაღდება, სექტორის კაპიტალიზაცია გაიზრდება, კომპანიები უფრო ეფექტურად იმუშავებენ და მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს", - ამბობს შოთა ბერეკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები