მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციას დღესაც, ამ მომენტშიც ვყიდით" - "გუდვილის" გენდირექტორი

გუდვილი

"გუდვილის" გენერალური დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის თქმით, არაობიექტურია მსჯელობა, რომ სუპერმარკეტებში პროდუქცია ქსელების მიერ რეტრო ბონუსის ზრდის გამო ძვირდება.

როგორც მან ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განმარტა, "გუდვილი" ზოგიერთ პროდუქტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც ყიდის, რადგან მომხმარებლის ინტერესი მასზე უფრო მაღალია.

"მითია, რომ ქსელები ყოველწლიურად შიდა გადასახადებს ზრდიან. გუდვილის შემთხვევაში, პირდაპირ შემიძლია ჩამოგითვალოთ, პროდუქტის დასახელებებით:

მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ზეთზე, 2018 წელს ერთ-ერთ მომწოდებელთან გვქონდა 2% რეტრო ბონუსი, და იმის მერე არ გაზრდილა, 2025-შიც 2% გვქონდა. მაგ ზეთის მოსაწოდებელი ფასი კი 112%-ით გაიზარდა. არ ვამბობ, რომ ობიექტური მიზეზები არ ჰქონდათ ფასის გაზრდის, მე ვამბობ, რომ არაობიექტურია მსჯელობა, თითქოს რეტრო ბონუსის გამო გააძვირეს პროდუქცია.

თვითღირებულებაზე დაბლა დღესაც, ამ მომენტშიც ვყიდით პროდუქციას. მაგალითად, მზა კვებაში, რომელიც რესტორნული დონისაა, დღეს ბადრიჯნისგან ნაწარმოები ყველა პროდუქტი იყიდება ძალიან დიდ ზარალში, იმიტომ რომ ბადრიჯნის ფასი იანვრიდან 250%-ითაა გაზრდილი: ირანი ბევრი ბაღჩეულის მწარმოებელია, ბადრიჯანი შემოდიოდა ირან-თურქეთიდან, რადგან ირანის ბაზარი დაიკეტა, თურქეთმა გააძვირა.

თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა ყოველთვის ცუდია ბიზნესისთვის, ამაში კარგი არაფერია, მათ შორის ქვეყნისთვისაც. ბიზნესი რომ ვერ მოიგებს ფულს, არც არაფერია საამაყო", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად 9%-იანი ფასნამატისა, ზარალზე მუშაობს "გუდვილის" ხორცპროდუქტების სეგმენტიც.

"ავიღოთ საქნოლის ხორცი, რომელსაც ვიღებთ მცირე და საოჯახო ფერმებისგან. ბოლო 3-4 თვეში მომატებულია ფასი, მაგრამ დახლზე სარეალიზაციო ფასს ვერ ვზრდით, რადგან მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტია. ვყიდით ზარალში.

ხორცპროდუქტებზე ფასნამატი 9% გვაქვს, ოღონდ, თუ ამას გამოვაკლებთ რა გვიჯდება ამის დამუშავება, ყასბების ხელფასები, იჯარა და ა.შ. ეს პროდუქტიც ზარალიანია. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ იქნებ რამე მოგვიხერხოთ, ეს ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია, რომ არ გავაძვიროთ რაღაც პროდუქტი", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები