მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მოკლეს ლიბიაში მუამარ კადაფის შვილი?

საიფ ალ-ისლამ კადაფი

თებერვლის დასაწყისში ლიბიაში ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი რევოლუციის 15 წლის თავზე მოკლეს. მას ქალაქ ზინტანში, საცხოვრებელ სახლში თავს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა და ადგილზე ჩაცხრილა. დასავლელი ანალიტიკოსის, პატრიკ ვინტურის შეფასებით, ლიბიის ერთპიროვნული მმართველის პოლიტიკური მემკვიდრე იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოიშორეს, რომლებიც საიფს პოტენციურ საფრთხედ და, ერთგვარ, მესამე ძალად აღიქვამდნენ. ძალად, რომელსაც მოსახლეობაში უკმაყოფილების ზრდის ფონზე შეეძლო მომავალ არჩევნებში ერის გაერთიანება და მათი დამარცხება. მართალია, ბოლოს არჩევნები ლიბიაში 2015 წელს გაიმართა, თუმცა წლების სვლასთან ერთად, მკვეთრად იმატა მუამარ კადაფის მიმართ სიმპათიებმა და გაჩნდა განცდა, რომ მისი შვილი მამისეულ გზას გააგრძელებდა.

ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს დამთხვევაზე კადაფის ჩაცხრილვასა და პარიზში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ მასად ბულოსასა და ლიბიის სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას შორის.

როგორც ცნობილია, შტატების ლიდერი მხარს უჭერს ლიბიაში არჩევნების ჩატარებას და ცდილობს, პოლიტიკური კლასი გააერთიანოს, რათა ტრიპოლში ისეთი ახალი ძალა დასვას, რომელიც ქვეყანას მეტ სტაბილურობა მოუტანს და ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ სახელმწიფოს უფრო უსაფრთხოს გახდის ამერიკული ინტერესების გასატარებლად. ამ მხრივ, საიფის პიროვნება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ის უარს აცხადებდა არსებულ პოლიტ-ელიტასთან თანამშრომლობაზე და სურდა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა.

საიფ ალ-ისლამ კადაფის მკვლელობა ამჟამად სერიოზული პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოწვევების წინაშე აყენებს გაეროს მიერ მხარდაჭერილ, დედაქალაქ ტრიპოლში გამაგრებულ მოქმედ ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ ევალებათ საქმის გამოძიება და იმის დადგენა, თუ კონკრეტულად ვინ იდგა ლიკვიდაციის მიღმა. თუ პრემიერ-მინისტრ ჰამიდ დბეიბეს მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი გამოძიებას სრულფასოვნად არ ჩაატარებს, ეს მოსახლეობას არსებულ ეჭვებს გაუმყარებს და უკმაყოფილებას კიდევ უფრო გააღრმავებს. შეგახსენებთ, დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის წინარე პერიოდში ლიბია სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში იყო გახვეული, რასაც წინ მმართველის მიმართ მოსახლეობის ნდობისა და მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნა უძღოდა.

არსებობს შეხედულებაც, რომ სამოქალაქო ომში კვლავ მყოფ ქვეყანაში საიფ ალ-ისლამ კადაფის მკვლელობა არა დედაქალაქ ტრიპოლში მჯდარმა, არამედ ლიბიის აღმოსავლეთით გამაგრებულმა ხალიფა ჰაფტარის ოჯახმა დაგეგმა. დაგეგმა, რათა, ერთი მხრივ, თავიდან მოეშორებინა პოლიტიკური ოპონენტი, მეორე მხრივ კი, საფუძველი შეექმნა გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის მიმართ პროტესტის აგორებისთვის. პროტესტის, რომელიც მეტ დესტაბილიზაციას მოიტანდა და ტრიპოლის სამთავრობო კაბინეტის ყურადღებას შიდა დაპირისპირებისკენ მიმართავდა. ეს კი დროს მისცემდა ხალიფას, გრძელვადიან სამოქალაქო ომში ინიციატივა აეღო და შეტევაზე გადასულიყო.

53 წლის კადაფი 2011 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგაც ინარჩუნებდა მხარდამჭერთა დიდ ჯგუფს. ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებული პოლიტიკოსი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობდა ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე და როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით გამაგრებულ ძალებს ლიბიის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებაში ადანაშაულებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები