ბოლო პერიოდში, მაღალი მოდის ინდუსტრიაში არსებული კომპანიების აქციების ფასმა საფონდო ბირჟაზე მკვეთრად იკლო, არადა იყო დრო, თანაც არც თუ ისე შორეულ წარსულში, როცა ბერნარ არნოს კონგლომერატი LVMH-ი ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია იყო, თავად ფრანგი ბიზნესმენი კი - პლანეტის უმდიდრესი ადამიანი.
დღეს, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $326 მილიარდამდე არის შემცირებული და ევროპაში ის მესამე, მსოფლიოში კი 28-ე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. კომპანიის აქციის გაუფასურების ფონზე იკლო ბერნარ არნოს პირადი ქონების შეფასებამაც, რომელიც, ამ დროისთვის, $177 მილიარდის ტოლია.
თუმცა სანამ ავხსნით, თუ რა განაპირობებს მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას, პირველ რიგში, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციის ფასის დინამიკას გადავხედოთ. ერთწლიან პერიოდში, საფონდო ბირჟაზე დალისტული დიდი ოთხეულის, მათ შორის Burberry-ის, LVMH-ის, Christian Dior-ის, და Kering-ის აქციების ფასები საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული. ყველაზე მეტად, კერძოდ 68%-ით ზემოხსენებული Burberry-ის ფასმა იკლო, მაგრამ 50%-იანი კლება ფრანსუა პინოს Kering-მაც დააფიქსირა. შედარებით მცირე, კერძოდ 18%-იანი კლება შეინიშნება ბერნარ არნოს LVMH-სა და Christian Dior-ში. გაცილებით მკვეთრია ის კლება, რომელიც კომპანიებმა ბოლო წლებში არსებული პიკური მაჩვენებლების შემდეგ დააფიქსირეს. ბოლო პერიოდში მკვეთრადაა შემცირებული შედარებით მცირე ზომის მოდის ბრენდის, Hugo Boss-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც.
მაშ, რა განაპირობებს მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას?
პირველ რიგში, გლობალური ეკონომიკის ბოლოდროინდელი მდგომარეობა უნდა ვახსენოთ, რადგან ეს ის ფაქტორია, რომელსაც თითოეული ზემოხსენებული კომპანია იზიარებს. ბოლო წლებში, კაპიტალი ისტორიულად გაძვირდა, რაც ძირითად ვალუტებზე რეფინანსირების განაკვეთების მკვეთ გაძვირებას უკავშირდება. იმ დროს, როცა მონატარული პოლიტიკა მკაცრდება, სესხებს ცენტრალური ბანკიდან სახსრების მოზიდვა უძვირდებათ, რაც, ცხადია, ბანკის მიერ მომხმარებლისადმი გაცემული სესხის ფასზეც აისახება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მოქალაქეებს სესხი უძვირდებათ. ამ დროს, რაციონალური მომხმარებელი ნაკლებ ფულს ხარჯავს და პირველადი მოხმარების საქონელზე კონცენტრირდება, ხოლო ბირკინის ჩანთა, Dior-ის სუნამო ან Burberry-ის შარფი ამ ჩამონათვალში ნამდვილად არ ხვდება.
თუმცა ზოგადი ეკონომიკური ფონის გარდა, ძვირად ღირებული ბრენდების საქმიანობაზე გავლენას ის ფაქტორებიც ახდენს, რომლებიც უშუალოდ ამ ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. საქმე ისაა, რომ ეს სფერო ძალიან კონკურენტულია, ხოლო ძვირად ღირებული ბრენდების რაოდენობა ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება. შედეგად, მაღალი მოდის ბიზნესი დიდ მარკეტინგულ დანახარჯებს მოითხოვს, ანუ ის საკმაოდ კაპიტალინტენსიურია. ამ მიმართულებას, მართალია, შედარებით იაფი მუშახელი და წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია ფარავს, მაგრამ მაშინ, როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ჩნდება, კომპანიების ხარჯები გარდაუვალად იზრდება. ბოლო პერიოდში, სწორედ ამ დინამიკას ვხვდებით, რომელსაც უკეთ ის კომპანიები შეხვდნენ, რომელთა პორტფელში ერთბაშად რამდენიმე ბრენდს აერთიანებენ.
თუმცა მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - ჩინეთს უკავშირდება. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ თავად სახელმწიფო მდიდარია, მაგრამ შეძლებული სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე შეძლებულია. ჩინეთის შემთხვევაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწორედ ასე იყო, მაგრამ შემდეგ, ჩინეთის საშუალო ფენა იმდენად გამდიდრდა, რომ გარკვეული ინდუსტრიები ჩამოიკიდა და ფუფუნების საგნების სექტორი, ერთ-ერთი მათგანია.
მაღალი მოდის ბრენდები ჩინეთში განსაკუთრებულად უყვართ, რის გამოც, მაღალი მოდის ბრენდებს, განსაკუთრებულად უყვართ ჩინეთი, მაგრამ ეს სინერგია მანამ მუშაობს, სანამ ჩინელებს ბირკინის ჩანთების და ძვირად ღირებული საათების საყიდლად საკმარისი ფული აქვთ. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ფული ისედაც ძვირდება, რასაც თან ქვეყანაში გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი ემატება. საბოლოო ჯამში, ბოლო დროს მკვეთრად გამდიდრებული ჩინელების ფულის დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, სხვა მიმართულებით იხარჯება, რაც მაღალი მოდის ბრენდების შემოსავალზე და შესაბამისად, აქციების ფასებზე, უარყოფითად აისახება. ბრენდების სამომავლო პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ამ ტენდენციის შემოტრიალება, ჯერჯერობით, არ არის ნავარაუდევი.