მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მყარდება ლარი? - კობა გვენეტაძის პირველი კომენტარი

60b78a0380318
თელარა გელანტია
02.06.21 17:37
1383
2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა კომენტარი. კობა გვენეტაძემ რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელმაც მისი აზრით, კურსის გამყარებას შეუწყო ხელი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოკლევადიანი გამყარების კომენტირება ან ანალიზი არაა მიზანშეწონილი.

„რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის მოძრაობას გამყარების მიმართულებით - შეუძლებელია, კონკრეტულად დავასახელოთ რამე მიზეზი, ეს მომავალში უნდა დაგვანახოს საგადამხდელო ბალანსმა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოქვეყნდება და აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ზუსტად, რიცხობრივად შევხედოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული.

აქედან გამომდინარე, როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს; ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც შევხედავთ მოკლევადიან ვითარებას, არის დადებითი მოლოდინები - ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეხმარება დადებითი მოლოდინების შექმნას, რაც მოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები