მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ქმნის მთავრობა ახალ სსიპ-ს და რაში დაიხარჯება 5 მლნ ბიუჯეტიდან?

622f35c4448ae
ელენე გოგბერაშვილი
14.03.22 19:55
1398
მთავრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ახალ სსიპ-ს - "სივრცით სააგენტოს" ქმნის. აღსანიშნავია, რომ სივრცითი და ტერიტორიული მოწყობის მიმართულება დეპარტამენტის სახით აქამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა. მთავრობის ინიციატივით, ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა.

აღსანიშნია ისიც, რომ 2018 წლამდე აღნიშნულ ფუნქციას ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა და მისი ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა ე.წ. "მცირე მთავრობის" კონცეფციით იყო გამოწვეული. ასე წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში:

"ურბანული განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა გამოწვეული იყო საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპით, ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციით. ამ კონცეფციის თანახმად, ქვეყანის იმ დროინდელი გამოწვევები მოითხოვდა მცირე, მოქნილ და ეფექტიან სამთავრობო ინსტიტუტებს, რომელთა შორის ფუნქციათა გადანაწილება სახელმწიფო მართვის პროცესს გახდიდა უფრო ეფექტიანს".

ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორია, სტრუქტურული ცვლილებების მიზანშეწონილობას განმარტავს ისე, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული 12-კაციანი დეპარტამენტი, სრულყოფილი მუშაობისთვის საკმარისი არ არის.

ეკონომიკის სამინისტროში ახალი სსიპ-ის შექმნის მიზანშეწონილობაზე მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ რეგიონული განვითარების კომიტეტში ისაუბრა.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება გადავიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, არა დეპარტამენტის სახით, არამედ უფრო გაძლიერებულად, სსიპ-ის სახით. მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას. ასევე მის სისტემაშია სამშენებლო რეგულაცია, ამიტომ ერთიანი ხედვის კუთხით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს მიმართულება ასე კომპლექსურად გადმოვიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში.

დღესდღეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებობს 12 ადამიანისგან შემდგარი დეპარტამენტი. ვფიქრობთ, მათი რიცხვი, 2023 წლიდან, შეიძლება, დაახლოებით, 40 ადამიანამდე გაიზარდოს, მაგრამ რადგან წელს ბიუჯეტი დამტკიცებულია, ადამიანები, რომლებიც ახლა მუშაობენ, კონკურსის გარეშე გადმოვლენ ახალ სააგენტოში. ნელ-ნელა, წლის ბოლომდე შევიმუშავებთ საფასურების სისტემას, რომ სსიპ-მა უზრუნველყოს თავისი თავის დაფინანსება და მხოლოდ ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული “, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ეს არგუმენტი საპარლამენტო ოპოზიციისთვის არადამაკმაყოფილებელია. კომიტეტში იმ მიმართულებით ისმოდა კითხვები, თუ რა განსხვავებულ ფუნქციას შეასრულებს ახალი სსიპ-ი, რომელსაც მთავრობა ქმნის და თუ სივრცითი დაგეგმარების მიმართულება გასაძლიერებელია, რატომ არ შეიძლებოდა ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტის ბაზაზე მომხდარიყო.

დავით უსუფაშვილი:

„განმარტებით ბარათსაც გავეცანი და ვერც იქ ვნახე დამაჯერებელი არგუმენტები. ეკონომიკის სამინისტრო რომ ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, ეს ასეა, მაგრამ არ მგონია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განზიდვაზე მუშაობდეს. მთელი მთავრობა მუშაობს ამაზე და ამიტომ ეს არგუმენტი ცოტა არ იყოს, ვერ არის დამაჯერებელი. არც ის ჩანს, რომ ამ ფუნქციის ინსტიტუციური მდებარეობა იყო პრობლემა დღემდე ამ სფეროში, ამიტომ მაინც რითია განპირობებული?! რაც მოვისმინე არადამაჯერებლ დასაბუთებას ჰგავს“.

ბექა ლილუაშვილი:

„რატომ არ შეიძლება ამ სააგენტოს გაძლიერება იქ, სადაც არის ახლა? და რატომ არის აუცილებელი მისი ეკონომიკის სამინისტროში გადატანა და ახალი სააგენტოს შექმნა?! თავის დროზე, როცა ის გადატანილ იქნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი და ინტერესთა კონფლიქტი იყო ერთ-ერთი. თუ ეს გადმოგვაქვს იმ არგუმენტით, რომ ინვესტიციებზე ვაბამთ, ესაა ახალი პოლიტიკური მესიჯი, რომ სახელმწიფო მზად არის სამშენებლო სექტორის მიმართულებით ინვესტიციების წახალისებას ხელი შეუწყოს, მათ შორის ბიუროკრატიის მოქნილობის გაზრდის გზით, ესეც მიზანია, მაგრამ თავის დროზე აქ რომ არ ყოფილიყო რაღაც სხვა ფასეულობების და ღირებულებების დაზიანება, მაგიტომ იყო გადატანილი. მეორე საკითხია, რაში უნდა აკეთოს ამ სააგენტომ ფული?! რა იქნება ის მომსახურება, რასაც კომერციული სექტორი იყიდის ამ სსიპ-სგან და რატომ არ შეიძლება საფასურის გარეშე იყოს სწრაფად უზრუნველყოფილი ესა თუ ის სერვისი?“.

კანონპროექტის მიხედვით, სივრცითი სააგენტო დაფინანსებას მიიღებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ის ასევე უფლებამოსილი იქნება გარკვეული მომსახურების გაწევისთვის, რომელთა ნუსხას შემდგომში სამინისტრო დაამტკიცებს, შესაბამისი საფასური მიიღოს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, სივრცითი სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქცია ე.წ. უშენი ტერიტორიების სტატუსის შეცვლა იქნება, რაშიც სააგენტო შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

"დღეის მდგომარეობით, პრობლემა იყო ე.წ. უშენი ტერიტორიების საკითხი, ანუ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ძალიან ბევრი ტერიტორია, რომელსაც ვუწოდებთ „უშენ ტერიტორიას“, შესაბამისად, ნებისმიერმა ინვესტორმა და ასეთი ბევრი მოვიდა ჩვენთან, თუ იქ შეიძინა მიწა ან აპირებს შეძენას, ვერ იღებს მშენებლობის ნებართვას, რადგან ასეთი დოგმა ადევს, რომ ტერიტორია არის „უშენი“. ინვესტორი უნდა დაელოდოს იმას, სანამ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი გენგეგმას დაამტკიცებს, რასაც ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ჩვენ ამ სააგენტოს მივცემთ იმ ფუნქციას, რომ სწრაფად მოხდეს ამ უშენი ტერიტორიების შესაბამისი სტატუსის მიცემა საერთო კომპლექსში, მუნიციპალიტეტის განვითარების საერთო თვალთახედვით. ვფიქრობთ, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს ფასიანი, კონკრეტულად ინვესტიციის წახალისებასთან ერთად იქ იქნება ძალიან დიდი სამუშაო გასაწევი და ვფიქრობთ, ეს მიმართულებები კარგად იმუშავებს და წაახალისებს სწრაფად შემოვიდეს ინვესტიცია“, - აცხადებს ნინო ენუქიძე.

ახალი სსიპ-ის შენახვა გადასახადის გადამხდელებს მიმდინარე წელს 5 მილიონიო ლარი დაუჯდებათ; სწორედ ამდენივე მოცულობის საბიუჯეტო რესურსია გათვალისწინებული წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის, რაც ახალ სააგენტოს გადაეცემა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალი წლისთვის დიდი ალბათობით ამ მოცულობით საბიუჯეტო რესურსი საკმარისი არ იქნება.

დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით, 12 მოხელეა დასაქმებული, რომელთა რიცხვი სააგენტოს პირობებში თითქმის გაოთხმაგდება. გაიზრდება ახალი სსიპ-ის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებაც. მაგალითად, თუ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანაზღაურება 5 500 ლარს შეადგენს, მომავალში სააგენტოს ხელმძღვანელის სავარაუდო ანაზღაურების სახით 7 500 ლარია გათვალისწინებული. 2 200 ლარიდან 6 000 ლარამდე იზრდება ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობრივი სარგოც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები