მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ რჩება მიწები დაუმუშავებელი? - ვახტანგ ბეჟიტაშვილი სოფლის მეურნეობაში არსებულ ბიუროკრატიაზე საუბრობს

ვახტანგ ბეჟიტაშვილი

„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად დეკლარირებული მხარდაჭერისა, რეალურ პრაქტიკაში ბიზნესი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხელოვნურ დაბრკოლებებს აწყდება, რაც პირდაპირ აისახება დაუმუშავებელი მიწების მასშტაბებსა და მზარდ იმპორტდამოკიდებულებაზე.

ბეჟიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა თავისთავად მაღალი რისკის სფეროა და ბიუროკრატიული ჯაჭვი ინვესტორისთვის სექტორს კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ასოციაციის ხელმძღვანელმა საკუთარი გამოცდილება გააზიარა, რომელიც, მისი თქმით, სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია.

„მოგიყვანთ პირად მაგალითს, დაახლოებით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე სამჯერ შევიტანე განაცხადი იჯარით აღების მიზნით. არსებობს შესაბამისი პროცედურა, მიწა გადის აუქციონზე და იჯარით იღებ. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში შედის თანხა, იქმნება სამუშაო ადგილები და იქმნება პროდუქცია, ანუ რეალური ეკონომიკური ეფექტი. თუმცა სამივე შემთხვევაში მივიღე უარი, არგუმენტით, რომ ეს არის საძოვარი, მაშინ როდესაც დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არის სახნავ-სათესი მიწა.“

ბეჟიტაშვილი განმარტავს, რომ პროცესის ბლოკირება უწყებებს შორის გაუმართავი კომუნიკაციის შედეგია.

„იწყება ბიუროკრატიული ჯაჭვი: ეკონომიკის სამინისტრო მიმართავს გუბერნატორს, გუბერნატორი გამგებელს და ასე შემდეგ და საბოლოოდ პროცესი იბლოკება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა მსგავსი შემთხვევები შეიძლება მასშტაბურად არსებობდეს ქვეყნის მასშტაბით. შედეგად, მიწები რჩება დაუმუშავებელი. როდესაც ამას ემატება ბიუროკრატიული ბარიერები და გარკვეული კორუფციული რისკებიც, ვითარება კიდევ უფრო რთულდება.“

ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, სახელმწიფო ხშირად ეყრდნობა „მშრალ სტატისტიკას“ და არა პრაქტიკაში მომუშავე ადამიანების გამოცდილებას, რაც მცდარი სურათის შექმნას უწყობს ხელს:

„მინისტრის მიერ გაცხადებული სიახლეების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ბრიფინგებიდან ვიგებთ, დეტალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ მოგვდის. შესაბამისად, სწორედ ამიტომაც ჩნდება ასეთი დიდი ცდომილებები კვლევებში. გამოყენებულია მშრალი სტატისტიკა და არა პრაქტიკაში მომუშავე ადამიანების გამოცდილებაზე დაფუძნებული მონაცემები. რეალურად კი, პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და რა ეფექტი აქვს სახელმწიფოს მიერ დახარჯულ რესურსს, ეს სათანადოდ არ არის ასახული.“

ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მიწების ფრაგმენტაცია დარგის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, თუმცა რეალური სტატისტიკა დაუმუშავებელი ფართობების შესახებ არ არსებობს.

„საინტერესო იქნებოდა ფრაგმენტაციის თემის უფრო ღრმად გაანალიზება. ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და 90-იანი წლებიდან მოდის. თუმცა, ფრაგმენტირებულ მიწებშიც კი არსებობს დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი მიწები და ამაზე სტატისტიკა პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია", - ამბობს ის.

ბეჟიტაშვილის დასკვნით, სანამ სახელმწიფო რეალურად არ ჩართავს ბიზნეს სექტორს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველო კვლავ ჩამორჩება რეგიონულ კონკურენტებს და დარჩება იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ყველა რესურსი ადგილობრივი წარმოების განსავითარებელია.

ცნობისთვის, Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გაიზარდოს და მოხდეს მასში არსებული მდგომარეობის სწორი შეფასება.

კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების (ნედლეულის) წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შინამეურნეობებზე, ხოლო ბიზნესის წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს. შესაბამისად ამ მხრივ კორპორატიზაციის მაჩვენებელი დაბალია. ამასთან, ქვეყანაში საშინამეურნეო ფერმების ფართობები 73%-ში ნაკლებია ერთ ჰექტარზე; 25%-ის ფართობი კი 1-5 ჰექტარის ფარგლებშია; ხოლო 5 ჰა-ზე უფრო დიდი მეურნეობების ზომა მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შედარებისთვის აზერბაიჯანში ფერმების 61% არის 1 ჰა-ზე მცირე ზომის; სომხეთში კი 60% რაც ამ ქვეყნებში ფერმერთა მხრიდან მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების საფუძველს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები