საქსტატის მონაცემებით, 2022 წელის იტალიაში საქართველოდან $14 მილიონამდე ღირებულების თხილი გავიდა; 2016 წელს ეს მაჩვენებელი $48 მილიონი იყო, ხოლო 2021 წელს $31 მილიონი შეადგინა. bm.ge-მ მაჩვენებლების შემცირების შესაძლო მიზეზების შესახებ იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს ჰკითხა.
„როგორც აღნიშნეთ, 2021 წლის შედეგი არც თუ ისე ცუდი იყო. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, მასზე დიდი გავლენა აზიური ფაროსანას მობრუნებამ მოახდინა. რა თქმა უნდა, ზოგადად, პროდუქტის ხარისხი ისეთი უნდა იყოს, რომ მისი გამოყენება ევროკავშირის ბაზარზე იყოს ნებადართული. აი, სწორედ ამიტომ, იტალიური კომპანია, რომელმაც ზუგდიდთან ახლოს, თხილის წარმოებაში ფული დააბანდა, ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობების გასავითარებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. იტალიური სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ინდუსტრიის მსყიდველუნარიანობა ძალიან დიდია - მათ საკმარისად მაღალი მარჟები აქვთ იმისთვის, რომ წინა წლებში დაფიქსირებულ შედეგებსაც კი აჯობონ“, - ამბობს ენრიკო ვალვო.
რაც შეეხება ქართული თხილის კონკურენტულ უპირატესობას, როგორ შეიძლება სხვა ქვეყნებს ვაჯობოთ, ელჩი ამბობს, რომ ქვეყანა თხილის ხარისხით ერთ კონკრეტულ სტანდარტამდე უნდა მივიდეს.
„დასავლეთ საქართველოში თხილის მოყვანის ტრადიცია გაქვთ, ხოლო აღმოსავლეთში - მაღალი ხარისხის წარმოება, რომელიც ახალია, მაგრამ კარგადაა აწყობილი. მთავარი მიზანი, ქვეყნის საერთო დონის ერთ კონკრეტულ მარტივად სტანდარტამდე მიყვანა უნდა იყოს, რაც ნაწარმის მასშტაბირების საშუალებას მოგცემთ. აი, ეს იქნება კონკურენტული უპირატესობა, რადგან ნებისმიერ შემსყიდველს საკუთარი ნედლეულის წყაროების დივერსიფიკაცია სურს - ამ შემთხვევაში, თხილის“, - ამბობს ელჩი.




























